top of page

ტატა კარბელაშვილი სიზარმაცის დაძლევაზე, პრიორიტეტების განსაზღვრასა და ექსპერიმენტებზე

  • Writer: Tako Jibuti
    Tako Jibuti
  • Jan 3, 2022
  • 5 min read

Updated: Jan 13, 2022

Flyfit Studio-ს თანადამფუძნებელი და პეპსიკოს წარმოების ჯაჭვის დაგეგმარების სპეციალისტი. განსაკუთრებულ დღეებში, შეთავსებით, საქორწილო ცერემონიებიც მიჰყავს. უყვარს ლაშქრობა, მოგზაურობა, გამოწვევების დაძლევა და სიახლეები. ცხოვრობს თბილისში, საყვარელ კატასთან, ტესასთად ერთად, ან როგორც თვითონ ამბობს, თავნება კატის ბატონობის ქვეშ.

- რა არის შენი მთავარი მამოძრავებელი ძალა?

მგონი ბავშვობიდან ვარ მიჩვეული იმას, რომ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, მაქსიმალურად დავიხარჯო. მაშინაც კი, როდესაც თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, იმ საქმეს მოვახმარო, რომელიც მაინტერესებს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ძელის აკრობატიკის სტუდია გავხსენი და ვიპოვე საქმე, რომლის კეთებაც ძალიან მსიამოვნებს. მინდა, რაც შეიძლება მეტი გავაკეთო მისი განვითარებისთვის.


როდესაც რაღაცის გაკეთება არ მინდა იმის გამო, რომ მეზარება, დაღლილი ან უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ, ჩემს თავს ვეუბნები - „ტატა, ხომ შეგიძლია ახლა ამის გაკეთება და არ გაქვს რეალური მიზეზი, რომ ეს საქმე გადადო, უბრალოდ ადექი და გააკეთე“.

- სიზარმაცის დაძლევა რთულია, რამ განაპირობა ამ ჩვევის ჩამოყალიბება შენში?
დედა

დედაჩემმა. მამა ბავშვობაში ღიად მაქებდა, დედამ ნაკლებად იცოდა ჩემი შექება და იმის მიუხედავად, რომ ვიცოდი, რამდენად ამაყობდა ჩემით, ყოველთვის მაგრძნობინებდა, რომ იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე ვაკეთებდი. ამიტომ პატარაობიდანვე ჩემს თავს ვეუბნებოდი - „ტატა, აჩვენე ისეთი შედეგი, რომ დედამაც გითხრას - ყოჩაღ, შენ შენი მაქსიმუმი გააკეთე“. ბავშვობაში ბევრად უფრო მეზარებოდა რაღაცეების კეთება, თუმცა სიზარმაცის გადალახვა დროთა განმავლობაში ჩვევად მექცა და დღეს სხვანაირად უბრალოდ არ შემიძლია, საკუთარ თავს სიზარმაცეს ვერ ვპატიობ და მაქსიმუმს ვთხოვ.

მეგობრები და „ტედი“

ჩემი მეგობრებიც ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ, რომ გადავაბიჯო საკუთარ ზარმაც მეს? ამიტომ მათთან ხშირად მაქვს ამდაგვარი შინაარსის სამოტივაციო საუბრები - „რა არის იმის მიზეზი, რომ ამას არ აკეთებ? გეზარება? არ გინდა? შენ ხომ გაქვს რაღაც მიზანი და თუ ახლა არ გააკეთებ, მერე ხომ მაინც მოგიწევს? გგონია, რომ მერე არ დაგეზარება?“. როდესაც მე ვარ იმავენაირ ხასიათზე და მინდება რაღაც საქმის გადადება, მახსენდება ჩემი სამოტივაციო საუბრები მეგობრებთან და ჩემს თავს ვეუბნები - „რა ნამუსით არ უნდა გააკეთო ახლა ეს, როდესაც შენს მეგობრებს მოქმედებისკენ მოუწოდებ?“. ყოფილა შემთხვევები, როდესაც დამირეკავს მეგობრებთან და მითხოვია, რომ ჩემი სამოტივაციო სიტყვა ჩემთვის წაეკითხათ. ასევე, „ტედ ტოქზე“ არის ერთი გამოსვლა პროკრასტინაციაზე, რომელიც უზომოდ მიყვარს, ჩავრთავ, მოვუსმენ და შემდეგ ჩემს თავს ვეუბნები - „კარგი, ტატა, ადექი ახლა და გააკეთე ის, რაც გასაკეთებელია“.

ვერ თუ არ?

მეორე კურსზე რომ ვიყავი, საგნისთვის „პერფორმანსი და მეტყველება“ ვერ (თუ არ?) მოვამზადე დავალება, იმიტომ რომ ბევრი სხვა საქმე მქონდა. მახსოვს, ასეც ავუხსენი ლექტორს - დავალება ვერ მოვამზადე, რადგან დრო არ მქონდა-მეთქი. ზუსტად არ მახსოვს, როგორ ჩამოაყალიბა ლექტორმა პასუხი, თუმცა, ის რაც მითხრა, სამუდამოდ ჩამებეჭდა გონებაში - ტატა, არ არსებობს სიტყვა „ვერ“, არსებობს სიტყვა „არ“, ძალიან რომ გდომებოდა ამის გაკეთება, ხომ შეიძლებოდა ნაკლები დაგეძინა, სხვა საქმე გადაგედო, გზაში გემეცადინა? ესე იგი, საკმარისად არ გინდოდა ამ დავალების გაკეთება. იმის შემდეგ სულ ვფიქრობ, თუ რაღაცის გაკეთება მინდა, ვერ ვაკეთებ თუ არ ვაკეთებ? მაგალითად, თუ მარჯვენა ხელი მაქვს ნატკენი და ამ ხელს ვარჯიშით ვერ დავტვირთავ, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ ვივარჯიშო. შეიძლება სხვა სახის ვარჯიშები გავაკეთო და სხვა კუთხით განვვითარდე.


- ეს ნიშნავს, რომ განსაზღვრული გაქვს შენი პრიორიტეტები? იცი, რისი გაკეთება გინდა ძალიან და ამაზე იხარჯები? ყველაფერზე ხომ არ გეყოფა დრო და რესურსი?


კი, მომიწია გარკვეული საქმიანობების გაფილტვრა და პრიორიტეტების სიის დალაგება. მაგალითად, ამ ეტაპზე შევაჩერე თურქული ენის მეცადინეობა, რომელიც ძალიან მიყვარს და ოთხი წელი ვსწავლობდი. თუმცა, ვცდილობ, გარკვეული დოზით შევინარჩუნო ამ საქმიანობასთან კავშირი - ვუყურო ფილმებს თურქულად, მოვუსმინო თურქულ სიმღერებს ან ვიკითხო თურქულ ენაზე. რა თქმა უნდა, ეს უფრო რთულია, ვიდრე, მაგალითად, ინგლისურად ფილმების ყურება, აქ მიწევს გონების დაძაბვა, რომ დავიჭირო ფრაზები. შარშან ასე მულტფილმ „კლაუსს“ თურქულად ექვსჯერ ვუყურე და ახლა ინგლისურად უკვე მეხამუშება.

- საკუთარი თავისთვის ასეთი გამოწვევების დასახვა სტრესს გიქმნის თუ უფრო კმაყოფილებას განიჭებს?


კმაყოფილებას მანიჭებს. იქიდან გამომდინარე, რომ განვსაზღვრე, რა მინდა, ვიცი რისი კეთება მომწონს, ამ პატარ-პატარა, თუნდაც რთული ნაბიჯების გადადგმა, რომლებსაც შედეგამდე მივყავარ, ძალიან მსიამოვნებს. თუმცა ამ სიამოვნებით ტკბობის საშუალებას დიდხანს არ ვაძლევ თავს, რადგან განვითარებისთვის შემდეგ ნაბიჯზე ფოკუსირებაა საჭირო.


იგივე განცდა მაქვს ლაშქრობებზე სიარულის დროს, ეს არის გამოწვევა, რომელსაც ჩემს თავს ვუსახავ. წელს, კახისის ტბის ლაშქრობაზე გოგოებს გვეუბნებოდნენ, რომ ვერ ავიდოდით, რადგან იქამდე ნორმალური ბილიკი არ მიდის და თუ გზა არ ვიცოდით, ჩვენით ვერ მივაგნებდით. გზაში დაგვიბნელდა, აღმოვჩნდით ჭინჭარში და მაყვალში, ზურგზე მოკიდებული მძიმე ჩანთებით, მაგრამ ვიხსენებდით, რომ უარესებიც გამოგვივლია და, რა თქმა უნდა, ავედით ტბამდე. ასეთი სირთულეების გადალახვის შემდეგ მოდის ჩემთან ნამდვილი კმაყოფილების განცდა და ჩემს თავს ვეუბნები - "ნახე, ესეც შეგძლებია". საერთოდ, მგონია, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, ამისთვის მხოლოდ სურვილია საჭირო.

- მუდმივად მუშაობ საკუთარ თავზე, შენი ყველა ნაბიჯი ძალიან ორგანიზებულია, იცი საით მიდიხარ?
ნაბიჯ-ნაბიჯ

ახლა, როდესაც დარბაზი გავხსენი, ვიცი, რომ მინდა დიდი ძალისხმევის დახარჯვა იმაზე, რომ ეს საქმე განვავითარო, პატარ-პატარა, უწყვეტი ნაბიჯებით. რაც შეეხება გრძელვადიან მიზნებს, გამოცდილებით მივხვდი, რომ ასეთი მიზნების დასახვას ჩემთვის უფრო იმედგაცრუება მოჰქონდა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ გარე ფაქტორების ზემოქმედების გამო (რადგან ყველაფერს ვერ აკონტროლებ) რაღაც არ გამოდიოდა, ან გზად ამ მიზნისკენ იცვლებოდა თავად ჩემი პრიორიტეტები. საბოლოო ჯამში, მივხვდი, რომ რაღაცები შენზეა დამოკიდებული და რაღაცეები არ არის დამოკიდებული შენზე, ამიტომ რაღაც შორეულზე დიდი იმედები არ უნდა დავამყარო.


მივხვდი იმასაც, რომ რაღაც ერთი როცა არ გამოდის, იმის პარალელურად გეხსნება სხვა, ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მანამდე არ განიხილავდი. ამიტომ, ახლა, თუ რაღაც არ გამოდის, ორი წუთი მოწყენილი ვარ, შემდეგ ვიხედები წინ და ვამბობ - "კარგი, ეს არ გამოვიდა, რა ვარიანტები გაქვს ახლა, რისი გაკეთება შეიძლება?"

ფოკუსი აწმყოზე

ადრე სულ მათზე ვცდილობდი სწორებას, ვინც ჩემზე წარმატებულად მიმაჩნდა. მიფიქრია ხოლმე - "ტატა, შენც რატომ არ გააკეთე იგივე, რატომ არ წახვედი ამ მიმართულებით?" შემდეგ მივხვდი - არასოდეს არ უნდა ვინანო, რადგან თუ რაღაცას ვინანებ და იმაზე ვკონცენტრირდები, ეს ნიშნავს, რომ ვცხოვრობ წარსულით. ვერევი სინანულის განცდას და ვიშორებ გამაღიზიანებელ ფიქრებს - ეს რომ ასე მომხდარიყო, ბევრად უკეთესი იქნებოდა. საიდან ვიცი, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა? ახლა ვცდილობ, ვკონცენტრირდე აწმყოზე და იმაზე, რაც არის ამ მომენტში პოზიტიური ჩემს ცხოვრებაში და არ ვინანო არაფერი.

- შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღით ცხოვრობ და იღებ სიამოვნებას?


ვცდილობ მივიღო სიამოვნება დღევანდელი დღით და ვიხედები ახლო მომავალში. ძალიან მეხმარება ის, რომ ყველა ჩემს ნაბიჯში ვცდილობ დადებითი მხარე გამოვნახო და პოზიტიურ კონტექსტში განვიხილო.

უარყოფითის დადებითი მხარე

პანდემიამდე წამოვედი სამსახურიდან, ძალიან დაღლილი ვიყავი ფიზიკურადაც და მორალურადაც, მივხვდი, რომ აღარ მინდოდა იმ საქმის კეთება. მქონდა მცირე დანაზოგი და ჩემს თავს ვუთხარი - "დაისვენე ერთი-ორი თვე და შემდეგ მოძებნე სხვა სამსახური". სწორედ ამ დროს დაიწყო პანდემია, გამიუქმდა ყველა გასაუბრება, ჩავრჩი სახლში. თავიდან მქონდა ცოტა პანიკა, შემდეგ დავფიქრდი და ვუთხარი ჩემს თავს - "ტატა, დრო გაქვს, თავისუფალი დრო, რა შეიძლება გააკეთო?" გამახსენდა, რომ ძალიან მინდოდა იუთუბის არხზე ქართულ ენაზე ყოფილიყო ხარისხიანი ვარჯიშის ვიდეოები, ამავე დროს, მაინტერესებდა ვიდეოს გადაღება და მონტაჟი, გადავწყვიტე გამეკეთებინა იუთუბარხი. საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება, ჩემმა მომავალმა მოსწავლეებმა გამიცნეს ამ ვიდეოებით და იყო დამატებითი ბიძგი იმისთვის, რომ გამეხსნა სტუდია.

ახალი შესაძლებლობები

დაახლოებით ოთხი წლის წინ „ჩამივარდა ხელში“ ძელის აკრობატიკის კურსები, შემთხვევით ახსენა ჩემთან ნაცნობმა და ერთი თვე ველოდებოდი, სანამ მწვრთნელის ნომერს გამიგებდა. მაინტერესებდა და ვთქვი - "მოდი ვცდი-მეთქი". ვცადე და იმდენად მომეწონა, რომ ვიცოდი, გავაგრძელებდი განვითარებას ამ მიმართულებით, ოთხი წლის თავზე სტუდია გავხსენი.


ასევე შემთხვევით და სრულიად დაუგეგმავად დავიწყე თურქული ენის სწავლაც და საქორწილო ცერემონიების წაყვანაც, პირველ შემთხვევაში კურსელის მიერ ნაქები მასწავლებლის, ხოლო მეორე შემთხვევაში, ღონისძიებების ბიზნესში მომუშავე მეგობრის მოულოდნელი შემოთავაზების შემდეგ.


გამოდის, რომ ძალიან ბევრ საქმიანობას ვიწყებ დაუგეგმავად, ვიღებ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც სამყარო თვითონ მთავაზობს. მოვსინჯავ, თუ მომწონს, ვაგრძელებ ამ საქმის კეთებას, თუ არ მომწონს, ვწყვეტ. პროცესით სიამოვნების მიღება ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- თვლი, რომ კარგად იცნობ საკუთარ თავს და უსმენ მას? კარგად იცი, რისთვის აკეთებ ან არ აკეთებ რაღაცას?


მიყვარს, როდესაც ვაანალიზებ ჩემს მოქმედებებს, თუ რამეს ვაკეთებ, ვიცი, ამას რატომ ვაკეთებ, თუ რაღაცას არ ვაკეთებ, არ ვაკეთებ რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო და არა - უბრალოდ არ ვაკეთებ, მაშინ ყველაფერი ლაგდება ჩემთვის და მართალი ვარ საკუთარ თავთან.


მთავარი საკუთარი თავის მოსმენაა და ეს მეხმარება თვითმოტივაციაში. პირველ რიგში, ვიცი, რა მინდა და ვიცი, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ჩემი თავით კმაყოფილი ვიყო (ცოტა ხნით მაინც), ამიტომ არ ვჩერდები და სულ ვდგამ ახალ-ახალ ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მინდა განვითარება.


რა ვისწავლე ტატასგან
  1. ​არ გაქვს სიზარმაცის მიზეზი (არც დრო)

  2. სიზარმაცეც და მისი დაძლევაც უბრალოდ ჩვევებია

  3. განსაზღვრე, რა გინდა ძალიან, რა - ნაკლებად და რა საერთოდ არ გინდა

  4. ყოველდღე გააკეთე რაღაც იმისთვის, რაც ძალიან გინდა

  5. თუ ძალიან გეზარება, მოუსმინე ამას

  6. ნუ ინანებ იმას, რაც უკვე მოხდა

  7. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადე კონცენტრირდე პოზიტიურზე, რა ვარიანტები გაქვს ახლა?

  8. მიიღე დაუგეგმავი შესაძლებლობები, რომლებსაც სამყარო გთავაზობს

  9. ესაუბრე საკუთარ თავს (ხანდახან სხვებსაც, ბალანსისთვის)

  10. წადი ლაშქრობაზე, ოღონდ მარშრუტი წინასწარ და გულდასმით გაარკვიე






 
 
 

Comentarios


  • Facebook
  • Instagram

|  Tbilisi, Georgia  

© 2021 by Sheni Aré  |

All photographs © 2014-2021 by Tamar Jibuti 

bottom of page