მიკა ძიძიგური დედობაზე, შიშებზე და პირადი სივრცის შექმნაზე
- Tako Jibuti

- Jun 30, 2022
- 6 min read
Updated: Jul 1, 2022
დემნას, ლილეს და თადეს დედა. სოციალური საწარმო “ბაბალეს” და "საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის" თანადამფუძნებელი, ფოტოგრაფი. უყვარს საუბარიც და მოსმენაც, ღიაა განსხვავებული მოსაზრებების, თემებისა თუ ადამიანების მიმართ.

მიკა, მგონია, რომ ლილეს დაბადებამ განსაზღვრა ახალი ეტაპი შენს პიროვნულ განვითარებაში, ამიტომ, დავიწყოთ აქედან, რა იყო მანამდე და რა ხდება ლილეს გამოჩენის შემდეგ?
ლილეს დაბადებამდე, მე უკვე მყავდა პირველი შვილი, დემნა. მშობლობა ჩემთვის დემნას დაბადებიდანვე იყო შემეცნებითი პროცესი, მუდამ ძიებაში ვიყავი - ბევრს ვკითხულობდი, ვიკვლევდი, ვაკვირდებოდი საკუთარ გამოცდილებას და ვთვლიდი, რომ მაქსიმალურად ვაკმაყოფილებდი კარგი მშობლის ჩემეულ სტანდარტს. შეიძლება, პირდაპირ არ მითქვამს ჩემი თავისთვის, რომ კარგი დედა ვარ, თუმცა, ქვეცნობიერად, ეს რწმენა მქონდა.
ლილეს დაბადებამდე ერთი თვით ადრე, გავიგე, რომ ის იბადებოდა გულის მანკით. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გაჩნდა რაღაც ახალი ჩემი მშობლობის გამოცდილებაში - პროტესტი, ამბიცია, ფიქრი - “როგორ შეიძლება ჩემ შვილს რაღაც არ გამოუვიდეს, მაგალითად, დაკავდეს სპორტით, თუ მოუნდება?”
დემნას შემთხვევაში, ასეთი მოლოდინი არ შემიქმნია, პირიქით, ყოველთვის გამოვდიოდი მისი ინდივიდიდან - “როგორც ბავშვს სჭირდება, როგორც მას უნდა”, ვფიქრობდი, რომ თავისუფალი ვიყავი ასეთი ჩარჩოებისგან.
ისე გამოვიდა, რომ ლილეს ავტომატურად დავუწესე მაღალი სტანდარტი და უცებ ვერ მივიღე ის, რომ ჩემ შვილს შეიძლება რაღაც არ გამოუვიდეს გარკვეული მოცემულობის გამო. ამ დროს ჯერ არ ვიცოდი, რომ ლილე დაუნის სინდრომით იბადებოდა.

როგორი იყო ლილეს დაბადება?
ძირითადად შეგრძნებები მახსენდება, ლოგიკით გამიჭირდება იმ გამოცდილების გადმოცემა, რაც გამოვიარე.
საოცარია, რომ ჯერ კიდევ სანამ დედა გავხდებოდი, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს შევხვდებოდი, თითქოს სხვა ყველაფერი ჩერდებოდა ჩემ გარშემო, ხმებიც კი ქრებოდა და ვიწყებდი ამ ადამიანზე დაკვირვებას. როგორც ჩანს, მქონდა რაღაც ქვეცნობიერი შიში.
დემნა რომ დაიბადა, პირველი, რაც გავიფიქრე, როდესაც დავხედე, იყო - “დაუნის სინდრომი არ აქვს”. ლილეს რომ პირველად დავხედე, ეს არ მიფიქრია, მხოლოდ სამი დღის შემდეგ (გულის მანკის გამო კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი), მეორედ რომ ვნახე, გამიჩნდა ეჭვი დაუნის სინდრომზე და მოვითხოვე გენეტიკური ანალიზი. აღმოჩნდა, რომ უკვე გაგზავნილია და აქ უკვე მივხვდი, რომ ჩემი ეჭვი დადასტურდებოდა.

ამას მოყვა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, მთელი ჩემი არსების მომცველი შეგრძნებები - შიში და სიმშვიდე.
საშინელი შიში მიჩნდებოდა მაშინ, როდესაც, ფიზიკურად მარტო ვრჩებოდი ოთახში, უბრალოდ, არ შემეძლო მარტო დარჩენა, უნდა ყოფილიყო ან დათო, ჩემი მეუღლე ან ვინმე მეგობარი. პანიკაში მაგდებდა ფიქრი იმაზე, თუ რასთან მქონდა საქმე, დაუნის სინდრომის სახით.
ამ ფონზე, რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე მომეცა ლილესთან ყოფნის უფლება და კლინიკაში ორი კვირა გავატარეთ ერთად.
ამ ორ კვირას უკავშირდება მეორე შეგრძნება, რომელსაც გონებით ვერ ვხსნი - საოცარი, ყოვლისმომცველი სიმშვიდე, ყველანაირი შფოთვისგან თავისუფალი. აქ შედგა ჩემსა და ლილეს შორის ისეთი კავშირი, რაც, შემდეგ, არასოდეს აღარ წაშლილა. ეს იყო ის, რაც თვითონ მოიტანა ამ ადამიანმა.
ამის შემდეგაც, მარტო დარჩენის შიში გარკვეული პერიოდი ისევ გაგრძელდა, სანამ პირველი შოკიდან გამოვიდოდი. თუმცა, გულის მანკს რაც შეეხება, ზუსტად ვიცოდი, უფრო სწორად ვგრძნობდი, რომ ლილე ამას მოერეოდა და ძალიან კარგად იქნებოდა. ამას იმდენად კარგად ვგრძნობდი, რომ როდესაც ლილე დაიბადა და ყური მოვკარი ექთნების გადაძახილს, რომ მდგომარეობა უმძიმესია, ამ ინფორმაციამ გვერდით ჩამიარა.

ამ შეგრძნებების პარალელურად, რა შეიცვალა ცნობიერ დონეზე?
თითქმის ყველაფერი. ლილემ ერთიანად მოხვეტა ჩემი კარგი მშობლობის სტანდარტი და გვერდიდან შემახედა უწინდელ წარმოდგენებზე. ისევ ამომიტივტივდა უამრავი კითხვა: “ჰარვარდში ვერ ჩააბარებს? ვერ გათხოვდება? შვილები არ ეყოლება?”.
აღმოჩდა, რომ ბევრი ჩარჩოსგან არ ვყოფილვარ თავისუფალი, არადა, მანამდე, ცოტა დაცინვით ვუყურებდი მსგავს მიდგომებს შვილისადმი და მიკვირდა იმ მშობლების, ვინც ბავშვებს მომავალს უგეგმავს.
სხვათა შორის, ლილე ამას დღემდე აკეთებს, ასე ვთქვათ, ეტაპობრივად მაფხიზლებს, გადამახედებს ხოლმე ძველ წარმოდგენებზე და ახალ მიმართულებას მაძლევს.

ლილემ განსაზღვრა შენი საქმიანობის მიმართულებაც, როგორ მოხდა ეს? ლილეს დაბადების შემდეგ ხომ სხვა მშობლებისა და შენი ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა “ბაბალე” და “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია”, ეს ორგანიზაციები დღეს უკვე ბევრი მშობლისთვის არის დასაყრდენი და აქ დაგროვილი გამოცდილებით თუ რესურსებით შიშთან გამკლავებაც უფრო ადვილია.
ჩემი ყველა ქმედება, ძალიან ბუნებრივად, დაიწყო ლილეს საჭიროებებიდან გამომდინარე. პირველ ეტაპზე, ძალიან გამიჭირდა. დაუნის სინდრომზე ინფორმაციის მოძიება არ იყო ადვილი, კი, რაღაცეები წავიკითხე, დავუკავშირდი ადამიანებს ვინც დამეხმარნენ, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ გარკვეული ნაბიჯები მე თვითონ უნდა გადავდგა იმისთვის, რომ ჩემმა შვილმა თავი იგრძნოს კომფორტულად იმ გარემოში, რომელშიც არის.
"დაუნის სინდრომის ასოციაციაშიც" და "ბაბალეშიც" მშობლები გაგვაერთიანა პირველ რიგში ჩვენი შვილების საჭიროებებმა, რამაც ბუნებრივად გააჩინა კითხვა - რა სჭირდება თემს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა ბაღში, სკოლაში, მშობლებთან, მეგობრებთან თუ სხვა ასპარეზზე, თავი იგრძნონ დამოუკიდებლად და თანასწორუფლებიანად? სწორედ ამ საჭიროებიდან გამომდინარე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რასაც შედეგად მოყვა საზოგადოებაში ამ საკითხისადმი ცნობიერების ამაღლებაც.

ის, რომ დღეს არსებობს "ბაბალე", "დაუნის სინდრომის ასოციაცია" და "გიგოს ფონდი", სწორედ იმის დამსახურებაა, რომ მშობლები, ვისაც გვქონდა საერთო მიზნები და სურვილები, გავერთიანდით. ამ ერთიანობის და საერთო ძალისხმევის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა იმ შრომის გაწევა და იმ ენერგიის მობილიზება, რასაც ეს საქმე მოითხოვს.
გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაკეთებთ საერთო საქმეს, მე შევიძინე მეგობრები, რომლებიც იმდენად მაძლიერებენ, რომ მათ გარეშე, მე პირადად, ვეღარ ვხედავ ჩემ თავს. ეს ადამიანები რომ არ შემხვედროდნენ, ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა ისეთი საინტერესო და სავსე, როგორიც ახლაა. ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ საერთო მიზანი, არამედ, საერთო ღირებულებები და სიყვარული, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს.

ხშირად, მეშინია იმაზე ფიქრის, თუ სად ვიქნებოდი მე პიროვნულად, ლილე რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის? ვიქნებოდი განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა ვარ? ვიქნებოდი ასეთივე ღია სხვა თემების, სხვა მოსაზრებების თუ ადამიანების მიმართ?
გამოდის, რომ ძალიან მოკლე დროში, ძალიან სასიამოვნო მოგზაურობაში გამატარა ლილემ, რამაც პირველ რიგში ჩემ თავში აღმომაჩენინა ის თვისებები, რაც სჭირდება უკეთესი გარემოს შექმნას, არა მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის, არამედ, ფართო საზოგადოებისთვის.

მიკა, მინდა დედობის უფრო ზოგად შიშებსა და სირთულეებზეც ვისაუბროთ. ხშირად, დედებს განსაკუთრებით, გარემო გვიწესებს მაღალ სტანდარტებს და ნაკლებად ვსაუბრობთ იმ სირთულეებზე, მარცხებსა თუ სისუსტეებზე, რაც თან სდევს მშობლობის გამოცდილებას. მე, მაგალითად, მეორე შვილის გაჩენიდან რამდენიმე თვეში, ფიზიკური გადაღლისა და ემოციური აშლილობის ფონზე, გამიჩნდა განცდა, რომ დავკარგე ჩემი თავი, თითქოს მე, როგორც პიროვნება, აღარ ვარსებობდი. შენ თუ გქონია მსგავსი გამოცდილება?
ეს ალბათ არის ის, რაც მეტ-ნაკლებად ყველა დედას გვაქვს გამოვლილი. მეც, რა თქმა უნდა, ვერ გადავრჩი ამის გარეშე. მესამე შვილის, თადეს გაჩენის შემდეგ ძალიან გამიჭირდა. მქონდა პოსტ-მშობიარობის სტრესი, რასაც თავიდანვე ვერ მივაქციე ყურადღება, რადგან ვერ გავაცნობიერე. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური გადაღლა, მაგალითად, განვიცდიდი ტკივილამდე მისულ კუნთების დაჭიმულობას, ასევე, ძალიან გამიმწვავდა სმენის მგრძნობელობა, რის ფონზეც ბავშვების ტირილი უბრალოდ აუტანელი ხდებოდა.
პრობლემა ის იყო, რომ მე ვცდილობდი დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით გავმკლავებოდი ამ სირთულეებს, რადგან, რატომღაც, ასეთი მოთხოვნა მქონდა წაყენებული ჩემი თავისთვის. ვცადე იოგა, ცურვა და სხვა თერაპიული აქტივობები, თუმცა, დიდი დრო დამჭირდა იმის საღიარებლად რომ მჭირდებოდა დახმარება.
შენი გამოცდილების მსგავსად, მქონდა პერიოდი, როდესაც დილით ვიღვიძებდი და ადგომა არ მინდოდა, თითქოს, ჩემი პიროვნული განვითარება სადღაც გაჩერდა, ვერ ვხვდებოდი სად ვარ, ვინ ვარ და რა ფუნქცია მაქვს. ვგრძნობდი გაურკვევლობას, სიცარიელეს და შფოთვას, რომ დრო გადის, მე კი ჩემი შანსი დავკარგე, თითქოს, დავმარცხდი.

საბოლოოდ, მივმართე ნევროპათოლოგს, რომელთანაც, მივედი პრეტენზიით საკუთარი თავის მიმართ. ვცდილობდი გამერკვია, თუ რატომ ვერ ვერეოდი ამ ყველაფერს დამოუკიდებლად მაშინ, როდესაც კარგი პირობები მქონდა?
სპეციალისტი, პირველ რიგში, ჩემ თავთან იმის აღიარებაში და მიღებაში დამეხმარა, რომ გადავიღალე, გადავიწვი და მაქვს უფლება მივიღო დახმარება.
ამის შემდეგ, შესაბამისი თერაპიისა და მკურნალობის ფონზე, ნელ-ნელა დამიბრუნდა სიცოცხლის ხალისი. თუ მანამდე არ მყოფნიდა არც ნერვები და არც ენერგია ბავშვებთან ურთიერთობის დალაგებაზე, ახლა, მარტივად ვართმევდი თავს ზუსტად იგივე პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც მანამდე აუტანლად მიმაჩნდა და რაზეც რესურსი არ მყოფნიდა.

დაახლოებით ორ-სამ თვეში დავუბრუნდი საკუთარ თავს. გავიხსენე, რა მაგარია განცდა, რომ ყოველ დღე იღვიძებ და შეგიძლია იყო ბედნიერი.
რა საოცარია, რომ ერთი და იგივე მოცემულობაში შეიძლება იყო ან სასოწარკვეთილი ან ძალიან ბედნიერი და კონკრეტული მიზეზი ამისთვის არ გჭირდება.
ამასთან ერთად გავიაზრე, რომ კარგი დედობა არ ნიშნავს იმას, რომ მოვთხოვო ჩემ თავს ვიყო იდეალური. საერთოდ, არ არსებობს ცნება - იდეალური დედა. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც შენ ცუდად ხარ, ამას ბავშვი აუცილებლად გრძნობს, ამიტომ, მნიშვნელოვანია იზრუნო შენი თავის კარგად ყოფნაზე, გამოყო დრო და სივრცე შენი თავისთვის.

ახლა როგორ იცავ ბალანსს დედობასა და შენ პირად სივრცეს შორის?
ლილე რომ დაიბადა, დემნამ დაიწყო ეჭვიანობა, მივედი ფსიქოლოგთან, რომ მიმეღო გარკვეული რჩევები ამ საკითხთან დაკავშირებით. ფსიქოლოგმა მომისმინა, მითხრა რომ ეს ყველაფერი გაიგო და მკითხა: “და შენთვის რას აკეთებ?” მე ავუხსენი, რომ დაკავებული ვარ ჩემი შვილების აღზრდით, რომ მათ განვითარებას შემეცნებითად ვუდგები და ეს პროცესი ძალიან მსიამოვნებს. ფსიქოლოგმა მიპასუხა, რომ ეს გაიგო და გამიმეორა შეკითხვა: “და შენი თავისთვის რას აკეთებ?” ცოტა გაღიზიანებულმა, ისევ დავიწყე ახსნა, რომ ჩემთვის ახლა ამის კეთება არის ყველაზე სასიამოვნო, მან ისევ მიპასუხა: “ეს ყველაფერი არის შენი შვილებისთვის და შენთვის რას აკეთებ?” მახსოვს, მაშინ ცოტა გავბრაზდი, ვფიქრობდი, რა არის ამაში გაუგებარი-მეთქი და ვუპასუხე: “გამოდის, რომ არაფერს”.

ახლა ვხვდები, რას გულისხმობდა ის ფსიქოლოგი და დღეს ასე ვხედავ შვილებთან ურთიერთობას: ისინი არიან ცალკე ინდივიდები, მათ აქვთ თავიანთი გზა, საკუთარი პრობლემებით, მიღწევებით, წარმატებებით და ა.შ. მე ვარ ცალკე ადამიანი, მე მჭირდება ჩემი საკუთარი დრო და სივრცე, რომელიც არის მხოლოდ ჩემი, ამ დროსა და სივრცეში მე არ ვფიქრობ არც დემნაზე, არც ლილეზე, არც თადეზე და ვთავისუფლდები პასუხისმგებლობების ტვირთისგან.
საინტერესოა, რომ ეს თავისუფლება ორმხრივია. თუ მე არ გავათავისუფლებ შვილებს ჩემი ფიქრებისგან მაშინაც, როდესაც ფიზიკურად ჩემს გვერდით არ არიან, გამოდის, რომ ვბოჭავ მათ ზედმეტი მზრუნველობით.
ბავშვები ამას გრძნობენ, რადგან ამ ასაკში სწორედ გრძნობები აქვთ ინტელექტზე მეტად გახსნილი. არ არის საჭირო, რომ დაიცვა ბავშვები ყველა შეცდომისგან, ყველა დაბრკოლებისგან თუ წაბორძიკებისგან, რაც შეხვდებათ ცხოვრების გზაზე, მთავარია, მათ იცოდნენ, რომ ძალიან გიყვარს და გამოხატო ეს მათთან ყოფნისას - თავისი ჩახუტებით, მოფერებით, ყურადღებით, მოსმენით, გათვალისწინებით.

ამას სჭირდება საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ნამდვილად ვიყოთ ბავშვებთან მაშინ, როცა მათთან ყოფნის დროა და როცა საჭიროა, გავუშვათ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გონებით.
ამაზე რომ ვსაუბრობ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი ცხოვრება ან გარემოებები ძალიან შეიცვალა, პირიქით, მოცემულობები იგივეა, უბრალოდ, მე მოვუსმინე ჩემ თავს, ვისწავლე საკუთარ გამოცდილებაზე და შესაბამისად, შეიცვალა ჩემი განწყობა, ჩემი დამოკიდებულება. შეიძლება ადამიანი იჯდეს ერთ ოთახში, ჰქონდეს ზუსტად ერთი და იგივე მოცემულობა და იაზროვნოს სრულიად სხვადასხვანაირად.

ვფიქრობ, რომ სხვისი სტანდარტების დაკმაყოფილება მშობლობაში, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც დედობა ზედმეტად რომანტიზებულია, ვერ მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე.
ჩვენ, პირველ რიგში, ვართ ადამიანები, ყველა ვუშვებთ შეცდომებს, ვაწყდებით სირთულეებს თუ სისუსტეებს და ამ ყველაფერზე ღიად საუბარი ძალიან საჭირო და სასარგებლოა. მოვუსმინოთ საკუთარ თავს, მოვეფეროთ, შევუნდოთ და ვაპატიოთ, ვაღიაროთ, რომ ყველაფერი არ შეგვიძლია და ამაში გასაკიცხი არაფერია. იმისთვის, რომ ვიყოთ კარგი მშობელი, პირველ რიგში, უნდა შევძლოთ ვიყოთ მშვიდი და ბედნიერი ადამიანი.






Comments