top of page

გიორგი ლიპარიშვილი სწავლის არსზე, ბავშვების მოსმენასა და ფიქრის საქმედ გარდაქმნაზე

  • Writer: Tako Jibuti
    Tako Jibuti
  • Apr 4, 2022
  • 6 min read

Updated: Apr 7, 2022

მოსწავლებელი - მასწავლებელიც და მოსწავლეც. აკვირდება და უსმენს ბავშვებს. ცდილობს, გაზარდოს ღირსეული ადამიანები ისე, რომ შეუნარჩუნოს მათ კავშირი ბავშვობის ჯადოსნურ ძალასთან. უყვარს კარგი ადამიანების აღმოჩენა, ძველი ნივთების შეგროვება-გადაკეთება, ახლის შექმნა, ცდა, სწავლა, აღმოჩენა, განვითარება.

Როგორ ფიქრობ, Რა არის სწავლის მიზანი და რა აზრს ატარებს შენთვის სიტყვა - განათლება?


ვფიქრობ, Სწავლის მიზანი საკუთარი უნარების აღმოჩენაა, რომ შემდეგ ეს უნარები განვავითაროთ და იმ საქმეს მივაგნოთ, რისი კეთებაც გვსიამოვნებს და ბედნიერებას გვანიჭებს.

განათლებამ უნდა შექმნას საფუძველი იმისთვის, რომ Საკუთარ თავში ვეძებოთ ის უნარები, რაც გვაპოვნინებს პატარ-პატარა ბედნიერებებს, პატარ-პატარა შესაძლებლობებს, რომლებსაც განვავითარებთ და ვისიამოვნებთ იმის დანახვით, თუ რა შეგვძლებია.

მგონია, რომ სწორედ ამ გზით იზრდება დიდი ბედნიერება, რომლის დადებითი ენერგიაც შემდგომ გადამდები ხდება კეთილი ვირუსივით, სამყაროც გეხმიანება და ეს ენერგია თითქოს წრეზე ტრიალებს. ბედნიერ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან უკეთესი გარემო, უკეთესი საზოგადოება, რომელშიც იქნება მეტი ადგილი სიკეთისთვის და თანამშრომლობისთვის.

სამყაროს შეცნობის უნარი ყველა ადამიანს აქვს, ჩვენ ხომ ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილაკები ვართ. უბრალოდ, ამას სჭირდება მიგნება, სჭირდება დრო, რომ მოვიცალოთ ფიქრისთვის და საკუთარი თავის სამყაროში პოვნისთვის. ამას არ ვგულისხმობ მხოლოდ ფართო გაგებით, არამედ, უფრო რომ ჩავუღრმავდეთ, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით უნდა მოვახერხოთ ეს.


ამიტომაც, Პირველ რიგში, ბავშვებს ალბათ ფიქრს ვასწავლი, სწორად ფიქრს. Შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ფიქრს სწავლა არ სჭირდება, მარტივად ჟღერს, თუმცა, ყველაფერი აქედან იწყება. ფიქრზე დაკვირვების შედეგად ბავშვები სწორ შეკითხვებს სვამენ, პასუხებს ეძებენ ამ ფიქრების გასააზრებლად და აზროვნებად გარდასაქმნელად.

ფიქრის მართვის, ნაფიქრის დაგეგმვის და განხორციელების ჩვევის ბავშვობაშივე დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, ვცდილობ, სხვადასხვა მიდგომებით ვასწავლო ეს ბავშვებს.

შეგიძლია გაგვიზიარო კონკრეტული მიდგომები? Შენი პირადი გამოცდილებაც საინტერესოა და ის მეთოდებიც, რასაც ბავშვებთან ურთიერთობაში იყენებ.


Ბავშვებთან ურთიერთობა და ბავშვებისთვის რამის სწავლება ქვიშაში თამაშს ჰგავს. Ზოგჯერ გგონია, რომ ისწავლეს რაღაც, მაგრამ ცოტა ხანში ქვიშაში აგებული კოშკივით ჩამოიშლება და ისევ გიწევს გამეორება. Დიდებსაც გვჭირდება რაღაცის ჩვევაში გადასვლაზე მუშაობა, ბავშვებს კი განსაკუთრებით. ყველასთან ერთნაირი სწავლების ან მითითების მეთოდები არ ამართლებს, ამიტომ, სხვა გზა გვექნება მოსაძებნი, რომ სწორად მივაწვდინოთ ბავშვს ხმა და ამბავი.


ეს არ ეხება მხოლოდ მასწავლებლებს, მშობლებიც მასწავლებლები ვართ. Ბევრ მშობელს ჰგონია, რომ მშობლობას სწავლა არ სჭირდება, რადგან თვლიან, რომ ეს გენეტიკურია, თუმცა, მშობლობას ბევრი წახნაგი, კუთხე და მხარე აქვს, რომელსაც აუცილებლად სჭირდება შესწავლა.

უნდა ვეძებოთ სხვების გამოცდილებები, მეთოდები, გზები, არ დავნებდეთ და ბევრჯერ ვცადოთ, რომ ჩვენი შვილები და ჩვენს გარშემო ადამიანები ღირსეულები და ბედნიერები იყვნენ, ჩვენც ღირსეულებმა და ბედნიერებმა გავაგრძელოთ ცხოვრება.

გამიხარდება, თუ ჩემი პირადი გამოცდილება ან ის მიდგომები, რასაც ბავშვებთან ურთიერთობაში ვიყენებ, ვიღაცისთვის ახალი გზა, ახალი მცდელობის შესაძლებლობა გახდება.

დაკვირვება


ალბათ, ყველაფერი დაკვირვებით იწყება. Ბავშვები მეკითხებიან ხოლმე - "მას, საიდან მოგდით იდეები?" იდეა შეიძლება იპოვო ყველაში, ყველაფერში და ყველგან, თუ დააკვირდები.


იდეებს ვპოულობ ადამიანებში, ფილმებში, წიგნებში, ხეებში, ტოტებში… ვპოულობ და ვინიშნავ. ვცდილობ, ბავშვებიც ამ დაკვირვების მონაწილეებად ვაქციო, მიმაქვს მათთან გარემოში ან ბუნებაში ნაპოვნი საინტერესო ნივთები, რომლებსაც ერთად გარდავქმნით და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ.

პრობლემობანა


მოვიფიქრე ასეთი თამაში - პრობლემობანა. Ბავშვებს უნდა მოეფიქრებინათ ერთი პრობლემა და დროის განსაზღვრულ მონაკვეთში - ამ პრობლემის გადაჭრის გზა.

შედეგად, ერთმა ბავშვმა “სქროლვის” დრო შეამცირა, მეორემ გადადებული წიგნი გადმოიღო და წაიკითხა, მესამემ რაგბის ვარჯიში განაახლა.

მთავარი საიდუმლო აქ ფურცელზე გადმოტანაშია. Რაღაცას ზეპირად რომ ვამბობთ, ჩვენი ზარმაცი მხარე გვეუბნება - ორშაბათიდან დავიწყებო, გეგმის დაწერა კი გვეხმარება იმაში, რომ ეს ორშაბათი დღესვე მოვიყვანოთ.


“Პრობლემობანას” საკუთარ თავზეც ვცდი. თუ რაღაც ჩვევებზე უარის თქმა, ან პირიქით, ახალი ჩვევების დანერგვა მინდა, Საკუთარ თავს “პრობლემობანას” მსგავსად, მინიპროექტებს ვუწესებ.

Სადღაც წაკითხული, სადღაც მოსმენილი მაქვს იაპონური სიბრძნე, რომლის მიხედვითაც ჯერ უნდა დანერგო გარკვეული სტანდარტი და შემდეგ ეს სტანდარტი გააუმჯობესო.

Მაგალითად, ჩემს თავს დავუწესე, რომ ყავას მხოლოდ თვეში ერთხელ დავლევ და გამომივიდა, ამ შედეგმა ძალა მომცა შემდეგი მინიპროექტისთვის, რომ უარი მეთქვა ცომეულზე. ასეთივე ამბების ფარგლებში გავაგრძელე სირბილი და დავიწყე ფეხბურთის თამაში.

შედეგების ჩანიშვნა


Როგორც პრობლემობანაში, აქაც, Მნიშვნელოვანია შედეგების ჩანიშვნა, სტატისტიკა უნდა დავინახოთ და შევაფასოთ. Ზეპირი ინფორმაცია გონებაში იფანტება, ტვინი რომ განიტვირთოს და ეს სტრესი მოეხსნას, სჯობს, ინფორმაცია ფურცელზე გადავიტანოთ. ეს კიდევ იმიტომაა მნიშნელოვანი, რომ ჩვენ შედეგებს თვალნათლივ აღვიქვამთ. თვის ბოლოსაც რომ მივუბრუნდეთ ამ ჩანაწერებს, წინსვლის სურათს და გასაუმჯობესებელ მხარეებს კარად დავინახავთ.

გეგმის შედგენა, დროის კეთილ ქურდებად გვაქცევს, ცოტ-ცოტა დრო უნდა მოვპაროთ ძილს, სიზარმაცეს, გაფანტულობას, ამ მოპარული დროით კი ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.

დროის მართვა


Მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დროის მოპარვა არ ნიშნავს ერთდროულად ბევრი საქმის კეთებას. ერთმა მოსწავლემ მითხრა - მას, თან თქვენ ონლაინ გაკვეთილს ვუსმენდი, თან ქართულის დავალება გავაკეთეო. Მე ავუხსენი - მე ხომ არ ვიქნები გულწრფელი და მართალი, თან თქვენ ჩაგიტაროთ გაკვეთილი და თან მათემატიკის ტესტები ვაკეთო, რადგან თქვენ ყურადღებას მოგაკლებთ-მეთქი. Მიხვდა, რომ ეს არ მოეწონებოდა და დამეთანხმა, მართალი ხართო.

დროის მონაკვეთებად დაყოფა და ამ მონაკვეთებში სხვადასხვა საქმეების კეთება არის დროის სწორად განაწილება და არა დროის მოკლე მონაკვეთში ბევრი საქმის ერთდროულად მოსწრება, რაც უფრო სტრესს გამოიწვევს, ვიდრე სიამოვნებას მოგვანიჭებს.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს ვასწავლოთ დროის მართვა, დროში კონცენტრირება. Მივაჩვიოთ იმას, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში კონკრეტულ საქმეზე მოიკრიბონ ძალები, ამ შემთხვევაში, ეს საქმე უკეთესადაც გამოსდით და მეტ სიამოვნებასაც იღებენ.

ეს არ ეხებათ მხოლოდ ბავშვებს, რა თქმა უნდა, დროში კონცენტრირება ძალიან სასარგებლო, პროდუქტიული და სიამოვნების მომტანია ჩვენთვის, უფროსებისთვის. Მაგალითად, მე ჩემი მეგობრისგან ვისწავლე დროის მართვის ასეთი ფორმა - ქვიშის საათის მეთოდი - რომ კონკრეტული საქმე ქვიშის საათის ამოწურვამდე გავაკეთო. Ამ მეთოდის დახმარებით წავიკითხე უამრავი წიგნი, გავაკეთე სხვა ბევრი საქმე, შემდეგ ბავშვებმაც მომბაძეს და ქვიშის საათების გაკეთებაც კი მოინდომეს.

დროის მართვაზე გამახსენდა შენი ერთ-ერთი ფეისბუქ პოსტი - “სად ვაჩქარებთ ბავშვებს?” შენ თუ ახერხებ დროის გაჩერებას და მომენტით ტკბობას?


Ჩემი შვილი, თევდორე, მეხმარება იმაში, რომ შევანელო დრო. Ბავშვებისთვის დრო ძალიან დიდია და ჩვენც მსგავსად რომ შევიგრძნოთ, უნდა დავპატარავდეთ. ვცდილობ, სულ გამოვნახო დრო იმისთვის, რომ მე და თევდორემ ერთად გავაკეთოთ რამე - იქნება ეს ფეხბურთი, ჭადრაკი თუ წარმოსახვითი თამაშები.

არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის აქტივობას ავირჩევთ, მთავარია ეს იყოს საერთო საქმე. ეს არის ბავშვთან დაახლოების და დროის გაჩერების ერთ-ერთი გზა, სწორედ საერთო საქმის კეთების დროს ხდები ბავშვის თანამოაზრე და მეგობარი.

თევდორესთან ურთიერთობისას და თამაშისას ვხვდები, რა უფრო მეტად მოეწონებათ ბავშვებს და მოსწავლეებთანაც ახალი იდეებითა და გეგმებით შევდივარ კლასში.

დროის შენელება-გაჩერების განცდა ალბათ იმიტომ გვიჩნდება, რომ ბოლომდე და სიამოვნებით ვართ ჩართულები იმაში, რასაც ვაკეთებთ, რის გამოც პროცესებს მთელი არსებით შევიგრძნობთ. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ დროს საათის დრო ჩვენთვის უფრო სწრაფად გადის, სწორედ ამ ჩართულობის გამო. Ბავშვებიც ამას მეუბნებიან ხოლმე - “მას, რატომ მთავრდება კარგი გაკვეთილი მალე და ცუდი რატომ გრძელდება დიდხანს?” ალბათ ის, რაც გვსიამოვნებს, არ გვინდა რომ მთავრდებოდეს.


შენ რას სწავლობ ბავშვებისგან, რაც გეხმარება განვითარებაში?


მე, როგორც მოსწავლებელი (ბავშვებს ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ), ბავშვებისგან უამრავ რამეს ვსწავლობ. სხვათა შორის, ბავშვები უფრო მალე მიხვდნენ ამ სიტყვის (მოსწავლებელი) მნიშვნელობას, ვიდრე უფროსები, რომლებსაც თავიდან “ო” შეცდომა, ან მასწავლებლის უფლებების დარღვევა ეგონათ. შემდეგ, ნელ-ნელა, უფროსებმაც გაბედეს “მოსწავლებლის” თამამად გამოყენება, რაც მიხარია, რადგან Სიახლე ყველაფერში კარგია, ძველს ახალ სიცოცხლეს აძლევს.

ღიმილი


არსებობს ასეთი კვლევა, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო ვიზრდებით ადამიანები, მით უფრო ნაკლებად ვიღიმით. უფროსებში სერიოზულობა კარგ ტონად ითვლება. ეს არ ნიშნავს, რომ არასერიოზულები ვიყოთ და ყველაფერზე ვიცინოთ, თუმცა, თუ ამას ყურადღებას მივაქცევთ, შეგვიძლია გაღიმება მისალმებისას, მადლობის გადახდისას, მხარდაჭერის გამოხატვისას, ეს ხომ არ არის მხოლოდ პირის გახსნა, დადებითი ემოციების გაცემისას უკანაც დადებითი ენერგია გვიბრუნდება.


გულწრფელობა


უფროსმა შეიძლება არ გითხრას, რომ, მაგალითად, ჩიტმა დაგასკლინტა, ბავშვი აუცილებლად ხალისით გეტყვის - ”მას, ჩიტს რა კარგად უთამაშია, როგორ გიხდებათ”.

უფროსებს ცოტა ეშინიათ გულწრფელობის, გაზიარების, მადლობის გადახდის. არადა, ემოციების გაზიარებაც, ღიმილის მსგავსად, დიდ დადებით ენერგიას გვიბრუნებს.

მოძრაობა და განვითარება


დავაკვირდეთ, რამდენს მოძრაობენ ბავშვები, რომ მოძრაობენ, ბევრ რამესაც ასწრებენ, თან იმას აკეთებენ, რაც უყვართ. Რომ ვიზრდებით, გვავიწყდება რა გვიყვარდა ბავშვობაში.

კარგი იქნება, გავიხსენოთ, რა გვიყვარდა, როცა ჩვენც ბავშვები ვიყავით და დავფიქრდეთ - “იქნებ ამის კეთებამ ისევ მომანიჭოს სიხარული?”

ერთ-ერთ მოსწავლეს, ექსკურსიაზე, სირბილი რომ შევთავაზე, გაუკვირდა -”გავიქცეთო?”, მაგრამ რომ გავიქეცით, აღფრთოვანდა - გავასწარი. გაუხარდა, მიხვდა, რომ თურმე მასწავლებელიც ადამიანია - მოძრაობა შეუძლია.


ამის შემდეგ გამიჩნდა მოტივაცია, რომ მხოლოდ ექსკურსიებზე კი არ მერბინა, არამედ რეგულარულად მიმეღო ეს სიამოვნება. Სირბილიც ხომ გონებას ავარჯიშებს - სუფთა ჰაერი, ცვალებადი ხედები, სხეული მოძრაობაშია, სისხლი მოძრაობს, ეს კი ენერგიის განახლების წყაროა. თევდორესთან ერთად ხშირად ვთამაშობ ფეხბურთს, უკვე მეორე წელია, ჩემს მეგობარ მასწავლებელთან, მის შვილებთან და მათ მოსწავლეებთან, მეგობრებთან ერთადაც ვთამაშობ ფეხბურთს.

მოსმენა


ბავშვებმა იციან მოსმენა, განსაკუთრებით, როცა რაღაც აინტერესებთ, უფროსებს გვინდა, რომ სულ ჩვენ ვილაპარაკოთ. Მსმენელებად გადაქცევა ჩვენთვისაც სასარგებლოა.

მაგალითად, თუ ბავშვებს ყურადღებით მოვუსმენთ, მივხვდებით, რომ აქვთ უამრავი არაჩვეულებრივი იდეა. Რაღაც სავარჯიშოს რომ მივიტან ხოლმე, ისეთ განვითარებას მოუძებნიან, რომ კიდევ უფრო საინტერესო გამოდის, ვიდრე დაგეგმილი მქონდა.

Მოისმენთ ძალიან საინტერესო, ახალ სიტყვებს, მაგალითად, ერთმა ბავშვმა მითხრა -”მას, მაგარი მონაფიქრი მაქვსო”, ძალიან მომეწონა, მონაფიქრი ხომ არის ფიქრის მონახაზი, დატრიალებული ფიქრი. Ბავშვების სიბრძნეებს ფეისბუქზე ჰეშთეგი მოვუფიქრე #სკოლელიბავშვები და საინტერესო იდეებს აქ ვინიშნავ, ჩემი შვილის, თევდორეს სიბრძნეებს კი #თევდორიზმები დავარქვი. თუ ყურადღებით მოვუსმენთ, Ბევრ საინტერესო იდეას და ახალ სიტყვას გავიგებთ ბავშვებისგან, რაც გონებას გაგვიმდიდრებს.

ინტერესები და მრავალფეროვნება


Ბავშვებს ბევრი რაღაც აინტერესებთ, მრავალფეროვნები არიან. ხშირად, Ესეც გვავიწყდება რომ ვიზრდებით. Ნებისმიერ ასაკში შეიძლება სხვადასხვა ინტერესის გაჩენა, ისევ იმისთვის, რომ საკუთარი უნარები აღმოვაჩინოთ და იმ საქმიანობებს მივაგნოთ, რაც სიხარულს გვანიჭებს. Მე, მაგალითად, რამდენიმე წლის შემდეგ, საყვარელ მასწავლებელთან, ინგლისურის სწავლას მივუბრუნდი, რაც ძალიან მახარებს, ბავშვებსაც მოსწონთ, რომ მათ მასწავლებელსაც ჰყავს მასწავლებელი.

რაც უფრო მრავალმხრივია ადამიანის ინტერესები, მით უფრო ადვილად პოულობს ის ახალ ადამიანებსაც, რომლებთანაც საერთო ენას გამონახავს და უფრო სწორად განვითარდება.

„დღეს რას ვაკეთებთ?“ - ეს ბავშვების ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი კითხვაა. კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, რაც შეგვიძლია ბავშვებისგან ვისწავლოთ. ყველას შეუძლია თავისი ჩანაწერები გააკეთოს, თუ ბავშვებს კარგად დააკვირდება და გამოყოფს დროს მათთან ურთიერთობისთვის. ამ ჩანაწერებთან მიბრუნება, მწყურვალისთვის, მოტივაციის წყარო გახდება.

ფიქრობ, რომ ადამიანი განაპირობებს საკუთარ ბედნიერებას? (ცხადია, მაშინ, როდესაც ადამიანი თავის ბედს განაგებს და არ ხდება მისი თავისუფლების ხელყოფა)


ვფიქრობ, ბედნიერება პროცესია. Მთავარია, სულ ვიყოთ ძიებაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბევრი ინტერესის გაჩენა, რომ აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ ჩვენი უნარები და მივაგნოთ იმ საქმეებს, რისი კეთებაც ბედნიერებას გვანიჭებს.


არ უნდა ვიფიქროთ, რომ ბედნიერება ჩვენგან დამოუკიდებლად არის სადღაც ჩასაფრებული - უნივერსიტეტის დამთავრებასთან, სამსახურის დაწყებასთან, თუ ოჯახის შექმნასთან.

თუ არ მოგვწონს 10 წელი ერთი და იგივე ადგილას მუშაობა, ან ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, რაღაც უნდა შევცვალოთ, პარალელურად მოვსინჯოთ ახალ-ახალი საქმეები, ამისი არც ერთ ასაკში არ უნდა შეგვეშინდეს. ინტერესების გაჩენა არის ზამთარში ბუხარში ცეცხლის გაჩენასავით მნიშვნელოვანი.

არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანი ჩემპიონი გახდეს, მაშინ ჩემპიონობასაც აზრი ეკარგება. Შეიძლება, სულაც არ გეკიდოს სახლში, კედელზე, დიდი მედალი და მხოლოდ შენი პირადი ბედნიერებით იყო ჩემპიონი, ალბათ, ასეთ ჩემპიონობაზე ზრუნვაა ცხოვრების მთავარი მიზანი.

 
 
 

Comments


  • Facebook
  • Instagram

|  Tbilisi, Georgia  

© 2021 by Sheni Aré  |

All photographs © 2014-2021 by Tamar Jibuti 

bottom of page