სალომე ჩაჩხუნაშვილი ჩოგბურთის ფენომენზე და კორტზე, როგორც ცხოვრების მოდელზე
- Tako Jibuti

- May 18, 2022
- 6 min read
პროფესიონალი ჩოგბურთელი, Ჩოგბურთის მწვრთნელი. თვლის, რომ ჩოგბურთი და კორტზე დგომა მისი ცხოვრების აზრია. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ყავა, შოკოლადი და სიცილი. ორგანიზებას უკეთებს სამოყვარულო ტურნირებს და ეხმარება ადამიანებს ბედნიერების განცდაში.

Სალომე, სანამ ჩოგბურთის ფენომენზე გადავალთ, მომიყევი, როგორ გახდი პროფესიონალი ჩოგბურთელი?
5 წლის ვიყავი, როდესაც, გამაჯანსაღებელი მიზნით, მშობლებმა ჩოგბურთზე მიმიყვანეს. დროთა განმავლობაში, ჩემი ინტერესი გაღვივდა, გაჩნდა სიყვარული ამ სპორტის მიმართ და მომინდა, რომ მეტი შრომა ჩამედო და მეტად განვვითარებულიყავი. დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი გახდა ის, რომ მეთამაშა დიდი ჩოგბურთი და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ეს პროცესი სრულიად ნებაყოფლობითი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო შინაგან ბრძოლებთან.
ეს არ იყო მხოლოდ სპორტი, ეს იყო ცხოვრება, ჩატეული კორტის 400 კვადრატულ მეტრში, ამ გარემომ უდიდესი გავლენა იქონია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
ემოციურად, კორტზე დგომა ჩემთვის თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება იყო, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობდი ყველა სირთულის მიუხედავად. ამ გამოწვევებით სავსე გზაზე ძალიან მეხმარებოდნენ ჩემი მშობლები, რომლებიც მუდამ მხარში მედგნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ მე შევმდგარიყავი, როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, რადგან ხედავდნენ, რომ მხოლოდ ეს მინდოდა.
Მქონდა სასიხარულო მიღწევები - ვთამაშობდი საქართველოსა და ევროპის ნაკრებებში, ვიყავი საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ, 2 წელი გავატარე ამერიკაში, ჩოგბურთის აკადემიაში, ამ წლებმა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ, უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა, რაც, დღესაც მეხმარება. Სწორედ ამერიკაში სწავლას მოჰყვა ჩემი ყველაზე დიდი წარმატება - შემოთავაზება მსხვილ, რამდენიმეწლიან კონტრაქტზე, რომელსაც დავთანხმდი და გონებით უკვე ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე გადავერთე, რომელიც ჩემი პროფესიული განვითარების ერთადერთ გზად მესახებოდა.

Მოხდა ისე, რომ გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო (მე მაშინ ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრების წევრი ვიყავი), კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმება ძალიან გაჭიანურდა, გადაიდო ჩემი გამგზავრებაც და შესაბამისად, შემოთავაზებამაც ძალა დაკარგა, ამდენ ხანს ვერავინ დამელოდებოდა.
ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო განცდილმა მარცხმა ძალა გამომაცალა, თითქოს, მთელი შრომა წყალში ჩამეყარა და ვეღარ ვხედავდი ჩემი განვითარებისა და წინსვლის გზას, დავკარგე მიზანიც და მოტივაციაც. ჩოგბურთს თავი დავანებე და ჩოგანი გვერდზე გადავდე. ეს ნიშნავდა ძველ ცხოვრებასთან კავშირის გაწყვეტას და სრულიად ახალი ცხოვრების დაწყებას.
Როდესაც ასეთი რადიკალური ცვლილება ხდება, ალბათ, ადამიანს გჭირდება დრო და სივრცე ფიქრისთვის, რომ გაიაზრო ძველი ცხოვრების დასრულებით გამოწვეული ტკივილი, მიხვდე სად დგახარ ახლა და რა შეიძლება რომ გააკეთო.
Მე ეს დრო და სივრცე, ალბათ, ჩემივე ნებით და თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, არ მქონია. სწავლა გავაგრძელე სდასუში, იურიდიულ ფაკულტეტზე და მალევე დავოჯახდი. 19 წლისამ გავაჩინე ნიკოლოზი, ხოლო 21 წლის ასაკში - თათული. ოჯახის შექმნაც და დედობაც, თავისთავად, იმდენად დიდი და შთამბეჭდავი მოვლენები იყო ჩემ ცხოვრებაში, რომ არ მომცა მიღებულ ტრავმაზე კონცენტრირების საშუალება.

ანუ ამ პერიოდში არ გიფიქრია კორტზე დაბრუნებაზე?
მქონდა შანსი, რომ დავბრუნებოდი კორტს - როგორც მოთამაშე, როგორც მწვრთნელი, მქონდა გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა, ისე გულმოდგინედ ვემალებოდი დატოვებულ ტკივილს, რომლისთვისაც პირდაპირ არ ჩამიხედავს თვალებში რომ ჩოგანიც, რომლითაც ვთამაშობდი, საგულდაგულოდ მქონდა გადამალული, მეშინოდა, თვალი არ მომეკრა.
ამ ხნის განმავლობაში, დავამთავრე იურიდიული ფაკულტეტი, ვიმუშავე ბანკში, ვცადე მუშაობა სხვა ორგანიზაციებშიც მაგრამ, საბოლოოდ, მივხვდი, რომ ვერცერთ სფეროში ვერ ვიკმაყოფილებდი იმის ნახევარსაც კი, რასაც მაძლევდა ჩოგბურთი.

ხომ არ ნანობ შენს რომელიმე გადაწყვეტილებას?
არა, არაფერს ვნანობ. Შეცდომად არ აღვიქვამ ჩემს არცერთ ნაბიჯს, რადგან მგონია, რომ სწორედ განვლილი გზა განსაზღვრავს ჩვენს მომავალ მიმართულებას.
მთავარია, რომ პროცესში გავაცნობიეროთ, რისი კეთება მოგვწონს და რისი არა, რა არის ჩვენი და რა არა, რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ უკეთესად ვიგრძნოთ თავი და სწორად წავიყვანოთ ჩვენი ცხოვრება.
Ჩემს შემთხვევაში, სწორედ ასე მოხდა, დიდი სპორტისთვის თავის დანებებიდან 5 წლის თავზე გავიაზრე და ვაღიარე, რომ ჩოგბურთი ჩემია, ეს ის საქმიანობაა, რომელშიც მე შევძლებ მაქსიმალურად განვვითარდე და ვიყო ბედნიერი.
ამ აღიარების შემდეგაც დამჭირდა დრო იმ აზრთან შესაგუებლად, რომ დავასრულე ჩემი მოღვაწეობა, როგორც პროფესიონალმა ჩოგბურთელმა, ასე ვთქვათ, მივიღე დამარცხება და ვიწყებ ახალ ეტაპს როგორც მწვრთნელი - სხვა შემართებით, სხვა მონდომებით, სხვა მიზნით.

Როგორ დაიწყე და Რა აღმოაჩინე შენს თავში, როგორც მწვრთნელმა?
Ნებისმიერი რამ, რასაც თავიდან ვიწყებთ ან ვსწავლობთ, არის გარკვეულწილად შიშის შემცველი, ეს შიში საკუთარ თავთან უნდა გადავლახოთ. მგონია, რომ ფიქრის სწორად წარმართვით შეგვიძლია ჩვენი ემოციური მდგომარეობის მართვა, მათ შორის, შიშთან დამეგობრება. შიშის დაძლევა იყო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ეტაპი, რის შემდეგაც უკვე საჯარო განცხადება გავაკეთე, როგორც ჩოგბურთის მწვრთნელმა. განცხადების გაკეთებიდან დაახლოებით 1 თვეში უკვე კორტზე ვიდექი, დავიწყე მუშაობა როგორც უფროსებთან, ისე ბავშვებთან.
ეს იყო ნამდვილი აღმაფრენა, მიძინებული სასიცოცხლო ენერგიის გამოღვიძება. Როგორც მწვრთნელმა, კორტზე კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა გავაკეთე.
თუ მანამდე, როგორც მოთამაშე, მხოლოდ ჩემს თავზე ვიყავი კონცენტრირებული, ახლა, მთავარი ფოკუსი მოსწავლე და მასთან კომუნიკაცია გახდა. Ჩემი ცოდნის გაზიარება და დადებითი ენერგიის გაცემა უკუგების პრინციპით მიბრუნდება და ენერგიით მავსებს. Ჩემთვის, ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ადამიანებთან ურთიერთობის ის ფორმა, რომელიც მე საკვებივით მჭირდება.

აღმოვაჩინე, რამდენად უძიროა ადამიანის რესურსები, როდესაც ის აგნებს თავის სფეროს, თავის საქმიანობას და იწყებს ამ საქმეში მაქსიმალური ენერგიისა და ძალისხმევის ჩადებას. Საოცარია ისიც, რომ რაც უფრო მეტად ვიღლები, მით უფრო კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით.
Ჩემი ქმედება მაგალითია ჩემივე თავისთვის იმისი, თუ რა შემიძლია, ამ ქმედებაში ჩნდება მეტი მოტივაცია, მეტი ენერგია, რაც ბადებს ახალ იდეებს, მაძლევს ახალი ნაბიჯების გადადგმის და პიროვნული განვითარების საშუალებას, რაც, თავის მხრივ, დიდი სიამოვნების და ბედნიერების მომნიჭებელია. ეს არის ჩემი თვითგამოხატვის საშუალება.

Რას გულისხმობ თვითგამოხატვაში და კონკრეტულად Რას გაძლევს ის ურთიერთობები, რაც კორტზე გაქვს სხვა ადამიანებთან?
Პირველ რიგში, იმ ცოდნის გაზიარება, რაც მე პრაქტიკაში დავაგროვე, მაძლევს საშუალებას, რომ ადამიანებისთვის შეგრძნებადი გავხადო თამაშისგან გამოწვეული სიხარული, რომლის განცდისთვისაც აუცილებელია მოსწავლის თანმიმდევრული წინსვლა.
იმის დანახვა, რომ ამ წინსვლის და შესაბამისად, განცდილი სიხარულის მიზეზი მე ვარ, დიდ ბედნიერებას მანიჭებს და მიჩენს შეგრძნებას, რომ ვარ სასარგებლო.
Მეორე, ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა კომუნიკაციის ინდივიდუალური გზების გამონახვა სხვადასხვა ადამიანებთან, სწორედ მიდგომაა მთავარი, რომელსაც შემდეგ ებმის ტექნიკური ნაწილი. დღეში დაახლოებით 25 ადამიანთან მაქვს კორტზე ურთიერთობა, წარმოიდგინე, რამდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა ჩემთვის სწავლების პროცესი და მეც რამდენ რამეს ვსწავლობ მათგან.

კორტზე ადამიანებთან ურთიერთობა მოითხოვს მოთმინებას, რომელიც ჩემ შემთხვევაში არ არის იძულებითი, მოითხოვს დაკვირვებას ადამიანების ემოციებზე, გადაწყვეტილებებზე, მათი უკეთესად გაცნობა მაძლევს საშუალებას, რომ მეც გავხდე ინფორმაციის უკეთესად მიმწოდებელი, რაც არა მხოლოდ კორტზე, არამედ კორტს მიღმაც მეხმარება ურთიერთობებში - ოჯახში, შვილებთან თუ მეგობრებთან.
ის, რომ ჩემი საქმიანობა ბედნიერებას მანიჭებს, არ ნიშნავს, რომ არ მიწევს წინააღმდეგობების გადალახვა, მაგალითად, დილით ადრე ადგომა ნამდვილად მოითხოვს ძალისხმევას (დილის 8 საათიდან კორტზე ვარ) და სიზარმაცის დაძლევას, თუმცა, როგორც კი ამ რუტინას ვერევი და კორტზე ვდგები, ვიცი, რომ ყველა სირთულის დაძლევა ამად ღირს.

Მიხარია, რომ მეც შენი ერთ-ერთი მოსწავლე ვარ და ვიცი, რას ნიშნავს ჩოგბურთის თამაშისგან გამოწვეული სიხარული. ბავშვებთან მუშაობაზე რას იტყვი?
Სრულიად სხვადასხვა მიდგომებია საჭირო უფროსებთან და ბავშვებთან. Როდესაც უფროსი მოდის, მისი მიზანია რომ ისწავლოს თამაში და შემდეგ ამ თამაშით მიიღოს სიამოვნება, ხოლო ბავშვი მშობელს მოჰყავს და მას არ აქვს კონკრეტული მიზანი. ის მოდის უცნობ სამყაროში უცნობი ფერებით, შენ მისთვის ეს სამყარო უნდა გახადო სანდო, ნაცნობი და საყვარელი.
Ჩემი მიდგომაა, რომ ბავშვებმა მიმიღონ არა როგორც მასწავლებელი, არამედ, როგორც თანატოლი და მეგობარი, ამიტომ, პირველ რიგში, მე ვპატარავდები და სახალისო ვარჯიშებით ვიწყებ სწავლებას.
Ბავშვებთან ურთიერთობისგან მეც ბევრს ვსწავლობ. რა თქმა უნდა, აქ მეტი მოთმინება და მეტი მოქნილობაა საჭირო, თუმცა, საოცარ ენერგიას აბრუნებენ ბავშვები თავისი სილაღით და გულწრფელობით. როდესაც გულს გადამიშლიან, თავისი ამბების მოყოლას იწყებენ და მეტიტინებინ, ვხვდები, რომ ნამდვილად ვიქეცი მათ მეგობრად, ეს კი ძალიან სასიხარულოა, რადგან ბავშვის ნდობის მოპოვება ადვილი საქმე არ არის.

Მოდი, ცოტა ვისაუბროთ ჩოგბურთის ფენომენზე, იმაზე, თუ რა თავისებურებები ახასიათებს კონკრეტულად ამ სპორტს, რაც, პირადად ჩემთვის, აღმოჩენა იყო და ხშირად მიფიქრია - რამ მომნუსხა ასე?
Რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩოგბურთი, ეს არის სპორტი, სადაც პირისპირ რჩები საკუთარ თავთან, შენი ცხოვრების მთავარ კონკურენტთან. კორტზე დადგომა იძულებულს გხდის, რომ გაეთიშო გარესამყაროს, კონცენტრირდე ბურთზე და შენს უნარებზე, ბურთი რას იზამს, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული. Გარემო გაიძულებს, რომ იყო აქ და ახლა.
კორტზე 1 საათით წყდები გარესამყაროს, თავისუფლდები ყველანაირი ფიქრისგან, ემოციისგან, არსებული პრობლემებისგან, ხდები ის, ვინც იმ მომენტში გინდა რომ იყო და ქმნი საკუთარ თავს.
ეს არის ადგილი, სადაც მოკლე დროში შეგიძლია გამოსცადო შენი შესაძლებლობები და შეიგრძნო, თუ რამდენად სასიამოვნოა წინსვლა.

გეთანხმები, ზუსტად ასეა. მე კორტზე აღმოვაჩინე, რომ თურმე შეიძლება რაღაცაში არ იყო სუპერ პროფესიონალი ან ჩემპიონი და აკეთო ეს საქმე უბრალოდ სიამოვნებისთვის, ეს დამეხმარა სტრესის მოხსნაში და იმაში, რომ სხვა სფეროებშიც მეტი გამებედა. მართლა აქვს ჩოგბურთს თერაპიული ეფექტი?
დღევანდელი ცხოვრების სწრაფი ტემპიდან და სტრესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვეძებოთ განტვირთვის ის საშუალებები, რაც ჩვენთვის იქნება თერაპიული ეფექტის მქონე. ადამიანის ხასიათიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა, ხატვა, სეირნობა ან ყველაფერი ერთად.
Ჩოგბურთიც თერაპიის ერთ-ერთი ფორმაა. Შენ აღმოაჩინე შენთვის ის სივრცე, სადაც კვირაში რამდენიმე საათი შეგიძლია ეკუთვნოდე მხოლოდ შენს თავს, იყო საკუთარი თავის მენტორი, შეხედო საკუთარ თავს გარედან, გამოსცადო, ავარჯიშო სხეული და გადატვირთო გონება.
კორტიდან რომ გადიხარ, სხვა სფეროებს უბრუნდები განახლებული ენერგიით, განახლებული შემართებით, გაზრდილი შრომისუნარიანობით.
გარდა ამისა, Ჩოგბურთს გამოარჩევს ის, რომ ეს არ არის რუტინული სპორტი, არამედ, თითქოს, ცხოვრების მინი მოდელია თავისი აღმა-დაღმა სვლებით.
აქ ყველაფერს აწყდები - ბრაზს, სიხარულს, შენი თავის სისუსტეს, სიძლიერეს, შესაძებლობებს. ეს ყველაფერი კორტზე ძალიან თვალსაჩინოა, გარემო იძულებულს გხდის გვერდიდან შეხედო შენს მეს და შეაფასო შენი ქმედებები, სწავლობ მუშაობას საკუთარ თავზე.
კორტზე სწავლობ შენი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას და გამოიმუშავებ ამისთვის საჭირო უნარებს - საკუთარ თავზე დაკვირვებას, ემოციების მართვას, შეცდომების ანალიზს, ბრაზთან გამკლავებას და ეს გამოცდილება, ზრდის ეს მოდელი, კორტს გარეთ ცხოვრებაშიც გეხმარება.

და ბოლოს - თამაში ბავშვობაში განცდილ ემოციებს გიბრუნებს (ჩოგბურთი ხომ ემოციებით სავსე თამაშია), გათავისუფლებს ზედმეტი შრეებისგან - ზრდასრულობის პასუხისმგებლობებისგან, პრობლემებისგან, ვალდებულებებისგან, თითქოს წვრილი დამაკავშირებელი ხაზი ხდება ბავშვობასა და შენს დღევანდელ მეს შორის. თამაშისას ხდები მსუბუქი, ლაღი, მხიარული და ამ ყველაფერს ჯანსაღი წესით აღწევ. Მგონია, რომ Ბავშვობასთან ასეთი ტიპის კავშირების აღდგენა და შენარჩუნება შინაგანი სამყაროს გამოსაცოცხლებლად და გასაფერადებლად, ძალიან მნიშვნელოვანია.






Comments