top of page

რუსო ფიცხელაური ბავშვობის ოცნებაზე, ზებუნებრივ ძალასა და თვითგანვითარებაზე

  • Writer: Tako Jibuti
    Tako Jibuti
  • Jan 28, 2022
  • 6 min read

ცხენოსანი, პროფესიით არქიტექტორი, Material Hunters Architecture-ის თანადამფუძნებელი. მთელი არსებით და რესურსით არის ჩართული საცხენოსნო სპორტში. განსაკუთრებით უყვარს ღირსეული ცხენები და ღირსეული ადამიანები.

როდიდან იწყება შენი პირველი შეხება ცხენებთან და რა შეგრძნებები გახსენდება?

Მახსოვს, 10-11 წლის ვიქნებოდი, ბაკურიანში ვისვენებდით. ერთ-ერთ მეგობარს სონის სათამაშო კონსოლი ჰქონდა ჩამოტანილი და აღტაცებული ვიყავი, ამაზე მაგარი გასართობი სხვა რა უნდა იყოს-მეთქი. ჭამას, მეცადინეობას თუ კითხვას ჯილდოდ ამ კონსოლით თამაში მოსდევდა.

Შემდეგ, Პირველად დავინახე ცხენი, რომელზეც ვიღაც გოგო იჯდა და წამიერად, სონიმაც და სხვა ყველაზე მნიშვნელოვანმაც აზრი დაკარგა.

მეც მინდა-მეთქი ცხენზე დაჯდომა, დედას ვუთხარი. ასე ვერ დაგსვამ, მაგრამ ეტლით შეიძლებაო, მიპასუხა და ჩემი და ცხენის პირველი გასეირნება იყო ეტლით. თბილისში რომ ჩავედით, რადგან სულ ამაზე ვლაპარაკობდი, დედაჩემს წამოსცდა, აქაც არის ცხენებიო. ამის გაგონება იყო და, რა თქმა უნდა, აღარ მოვეშვი, ჩავაცივდი რომ იპოდრომზე წავეყვანე. დედა მაფრთხილებდა, რომ ცხენოსნობა ძვირადღირებული სპორტია და რეგულარულად სიარულს ვერ მოვახერხებდით.

იპოდრომზე რომ მივედით, მივვარდი პირველივე ადამიანს, ვინც დავინახე, (ვიფიქრე, ამ კაცს დედაჩემმა ისეთი რამე არ უთხრას, რამაც ხელი შეიძლება შემიშალოს-მეთქი) და ვკითხე “- რა ღირს თქვენთან სიარული?” 30 ლარიო (მთელი თვე). დავიწყე ამ მასწავლებელთან სიარული. Სკოლის დამთავრებისთანავე დავჯდებოდი 50 ნომერ ავტობუსზე და იპოდრომზე მივდიოდი.


დამოუკიდებლად ჯირითი რომ ვისწავლე და ჩემი ენთუზიაზმი შეამჩნია, ამ მასწავლებელმა ნელ-ნელა ხელი აიღო ჩემზე. ეზარებოდა, ყურადღებას აღარ მაქცევდა, რომ მივიდოდი მეტყოდა “- გამოიყვანე ეს ცხენი, ის ცხენი”, გამომაყვანინებდა ერთ ხუთ ცხენს და მეც მეტი რა მინდოდა, ვანავარდებდი, დანარჩენ დროს, ვაბალახებდი. დაღამებამდე იქ ვიყავი.

Რას განიცდიდი ამ დროს?
ვგრძნობდი დიდ თავდაჯერებულობას და განსაკუთრებულ, შეიძლება ითქვას, ზებუნებრივ შინაგან ძალას, თითქოს ცხენების ენა მესმოდა. ეს შეგრძნება ძალიან დიდ სიამოვნებას და თავისუფლების განცდას მანიჭებდა.

Მახსოვს, იყო ერთი ასაკოვანი (ალბათ, არ გვიწყენს, რომ ვთქვათ, დაჩაჩანაკებული) ცხენი, ცუცა ერქვა, რომელიც საერთოდ არ დარბოდა, მაგრამ მე რომ დავჯდებოდი, თითქოს ძალისხმევის გაწევაც კი არ მჭირდებოდა იმისთვის, რომ მაშინვე ნავარდი დაგვეწყო. Ჩემი მასწავლებელიც კი გაოცებული მიყურებდა - “ეს თუ კიდევ ოდესმე ინავარდებდა, ვერ წარმოვიდგენდიო”.

დაახლოებით ერთ წელიწადში, ჩემი “მასწავლებელი” ისე მოდუნდა, რომ საერთოდ აღარაფერს მასწავლიდა. ფაქტიურად, ჩემი თავიც და ცხენებიც მე გადმომაბარა. ერთ ყველაზე მიყრუებულ თავლაში დავდიოდი და იპოდრომზე თურმე მთელი ჯგუფები იკრიბებოდა, შეჯიბრები ტარდებოდა, მე კი ისე მივდიოდი და მოვდიოდი, შეიძლებოდა, ცხენის გარდა არავინ შემხვედროდა.


ამას დაერთო ჩემი გარდატეხის ასაკი, რომელშიც გაძლიერდა ცხენების გარდა სხვა ინტელექტუალურ არსებებთან - ადამიანებთან, ჩემ თანატოლებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. Ნელ-ნელა, თანდათან, ისე მოხდა, რომ ჩამოვშორდი იპოდრომს და ცხენებს.


ამ პერიოდში თითქოს ჩააბარე წარსულს შენი და ცხენების ურთიერთობა? გაატანე ბავშვობას?

არა, არასოდეს. Პირიქით, შეგრძნების და არა ცნობიერ დონეზე მომყვებოდა ის განცდა, რომ ოდესმე, აუცილებლად გადაიკვეთებოდა ჩემი და ცხენების გზები. არც ის შეგრძნება დამიკარგავს, რომ მე და ცხენებს განსაკუთრებული ძალა გვაკავშირებს და მე, როგორც არავის, ისე მესმის მათი.

აქედან Რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც უკვე აკადემიის სტუდენტი ვიყავი (მოცულობითი არქიტექტურის მიმართულებით) და ვმუშაობდი, როგორც არქიტექტორი, მოხდა ის, რომ მოულოდნელად მაჩუქეს 1 წლის ცხენი, რომელსაც Happy Nessy დავარქვი.


ამ მომენტიდან ყველაფერი იცვლება ჩემ ცხოვრებაში. Პირველი მოთხოვნილება, რაც გამიჩნდა, იყო ის, რომ ნესი (ასე ვეძახი მოფერებით) მომჩვეოდა და შევყვარებოდი. არ მინდოდა ცხენი მხოლოდ სათქმელად მყოლოდა.


Წავიკითხე უამრავი წიგნი, ვუყურე უამრავ ვიდეოს იმაზე, თუ როგორ ამყარებს ადამიანი კომუნიკაციას ცხენთან. ვისწავლე, რომ ეს ძირითადად ხდება სხეულის ენით, ზუსტად იმ ტექნიკების გამოყენებით, რა გზითაც თვითონ ცხენები ურთიერთობენ ერთმანეთთან.

ყოველდღე, სამსახურის შემდეგ (ხანდახან საღამოს 10 საათზეც) მივდიოდი თბილისის ზღვის საჯინიბოებზე, სადაც ნესი იყო დაბინავებული. არანაირი სიამოვნება - თბილი სახლი, გემრიელი სადილი, მეგობრებთან ურთიერთობა არ შემერგებოდა, თუ ჯერ იქ არ წავიდოდი, ნესის არ მოვუვლიდი და არ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი რიგზე აქვს. Პირდაპირ კავშირში იყო ამასთან ჩემი ბედნიერება და სიმშვიდე.


Მეგონა, ისე დავბერდებოდი, საჭესთან არ დავჯდებოდი, თუმცა ნესის გამო მანქანის ტარებაც ვისწავლე, რომ შემძლებოდა ყოველდღე მასთან სიარული (მანამდე რამდენიმე ავტობუსის გამოცვლა მიწევდა, სანამ თბილისის ზღვამდე მივიდოდი).


თავიდან ნესი წიხლებით მებრძოდა, საჯინიბოს კარს რომ ვაღებდი. ჩემი მცდელობებით, რამდენიმე თვეში, იმას მივაღწიე, რომ ჩემ დაძახებაზე ნავარდით გამორბოდა, იცოდა, რომ ჩემი იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა.

Რას იღებდი გაცემული ძალების სანაცვლოდ, შენი ცხოვრება ხომ ბევრად უფრო რთული გახდა?

კი, Ჩემი ცხოვრება შეიცვალა და საკმაოდ გართულდა, მაგრამ ყოველდღიურად ვხვდებოდი, რომ ნესისთან ურთიერთობა, მისი პასუხი ჩემს დაძახებაზე, მისი ნდობისა და სიყვარულის გამოხატვა ისეთ ენერგიას მიბრუნებდა და ისეთ ბედნიერებას მანიჭებდა, რომ ამისი დათმობა არ შეიძლებოდა.


1 წლის თავზე, მივხვდი, რომ არ მინდოდა ის, რაც ასეთ ბედნიერებას მანიჭებდა, დარჩენილიყო ამ დონეზე, ერთი ადგილი გვეტკეპნა მე და ნესის და წინ არ წავსულიყავით. გამიჩნდა ძლიერი სურვილი, რომ ბევრად საინტერესო და მჭიდრო გამეხადა ჩემი საცხენოსნო სფეროსთან კავშირი, მეტი მესწავლა ამ მიმართულებით და არ დამეტოვებინა ჰობის დონეზე.

Როდესაც რაღაც საქმე განსაკუთრებულ სიხარულს განიჭებს, აცნობიერებ, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ საქმეში შეგიძლია განვითარდე.

ყოველთვის მომწონდა შეჯიბრების ყურება, განსაკუთრებით, ბარიერებზე ხტომის და ვიფიქრე, იქნებ, მე და ნესიმ ერთად შევძლოთ ბარიერების გადალახვა-მეთქი.

Რადგან თბილისის ზღვაზე არ იყო ამისთვის შესაფერისი პირობები, დავიწყე სავარჯიშოდ ლისის იპოდრომზე სიარული (ამჯერად უკვე ნამდვილ პროფესიონალთან), მერე მივდიოდი ნესისთან თბილისის ზღვაზე, შემდეგ კი სამსახურში. თუმცა, ამ დროისთვის ჩემმა სამსახურმა უკვე სრულიად დაკარგა აზრი. ცოტა ხანში, ნესიც ლისის იპოდრომზე გადმოვიყვანე, წამოვედი სამსახურიდან და დავიწყე კერძო არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობა ჩემი და რამდენიმე ჩემი მეგობრის მიერ დაარსებულ კომპანიაში.


Რა შეიცვალა თბილისის ზღვიდან თბილისის იპოდრომამდე? Რა დაკვირვებები გააკეთე და რა შეიძინე ახალი?

თბილისის იპოდრომზე ყოფნას ისევ ბავშვობის მოგონებას შევადარებდი. ყველაზე მეტად მეგობრებთან ეზოში თამაში მიყვარდა და იპოდრომიდან რომ მოვდივარ ის შეგრძნება მიჩნდება, დედა რომ დამიძახებდა, მე მივდიოდი, სხვა ბავშვები კი ეზოში რჩებოდნენ, მეც მთელი გულით რომ მხოლოდ მათთან ყოფნა მინდოდა. იპოდრომიდან რომ მივდივარ, სადაც არ უნდა მივდიოდე, სურვილი - “ოღონდ იქ მალე დავბრუნდე”, არ მტოვებს.

ვარჯიშის გარდა, მე იპოდრომზე მოხალისედ ვმუშაობ - ვუვლი იმ ცხენებს, რომლებთანაც ვვარჯიშობ და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად, საუკეთესო ფორმაში ვამყოფო.

Მოვლის პროცესი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ცხენის ფიზიკურად მოწესრიგების კუთხით, არამედ, მათთან კომუნიკაციის დამყარების, უკეთესად გაცნობის და მათი ნდობის მოპოვების თვალსაზრისითაც.

Მოვლაში ჩადებული ენერგია და სული აისახება ვარჯიშის ხარისხზეც და ასპარეზობის წარმატებაზეც. ყოველდღიური რუტინაც ასეთია - კონკრეტული ცხენის მოვლა, შემდეგ ამ ცხენთან ერთად ვარჯიში და ბოლოს, თავლაში დაბინავება. დღეში 3-დან 5 ცხენამდე მაბარია (ერთი და იგივე ცხენები) და თითოეულთან გავდივარ ამ პროცესს.


უკეთესად ვისწავლე ცხენების ბუნების ამოცნობა. ცხენიც ადამიანივითაა, ყველა ცხენს თავისებური ხასიათი აქვს - ზოგი მშიშარაა, ზოგი გაიძვერა, ზოგი თავხედი, ზოგიც ეშმაკი (ნესი, მაგალითად). ცხენის ხასიათი რომ ვიცი, იმასაც ვხვდები, როგორ სჯობს რომ მივუდგე, შესაბამისად, უკეთესად შემიძლია მასთან კომუნიკაცია. ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მე განსაკუთრებით მიყვარს ღირსეული ცხენები (ისევე, როგორც ადამიანები), რომლებიც ისე გექცევიან, როგორც შენ ექცევი მათ და, ამავე დროს, ადეკვატურად აფასებენ მოვლენებს, მაგალითად, პარკი თუ მოფრინავს ან სხვა ცხენი მიუახლოვდა, ხვდებიან, რომ ეს სამყაროს აღსასრული არ არის.

ისე გამოვიდა, რომ ჯერჯერობით, ჩემი ეს საქმიანობა და შემოსავლის წყარო არ ემთხვევა ერთმანეთს (შემოსავალი არქიტექტურული პროექტებიდან მაქვს) და ეს რთულია, რა თქმა უნდა. თუმცა, გადავწყვიტე, ჩემ ნომერ პირველ პრიორიტეტად ამერჩია საქმე, რომელიც უსაზღვრო ბედნიერებას მანიჭებს და

ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი, როგორც ადამიანის განვითარების ჭეშმარიტი გზა.

ვყოფილვარ მონდომებული ხატვაშიც, არქიტექტურაშიც, სხვადასხვა პროგრამებში, მაგრამ სწავლისა და განვითარების სურვილი ამ დოზით, ამ სიძლიერით და ხანგრძლივობით სხვა საქმიანობაში არ განმიცდია. 4 წელი გავიდა, რაც ყოველდღე, მთელ დღეს ვატარებ იპოდრომზე და ამ წლების მანძილზე, დღემდე, სურვილი - “აბა, დღეს ახალს რას ვისწავლი” არ გამნელებია. ერთი დღეც, თუნდაც ქარსა და წვიმაში, არ დამზარებია აქ ამოსვლა.

უფრო რა მიმართულებით გინდა განვითარდე - როგორც მხედარი თუ როგორც ამ სფეროს ექსპერტი?

ორივე მიმართულებით. ეს თითქოს ორი სხვადასხვა გზაა, თუმცა, ამავე დროს, ეს გზები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.


გთხოვ, ცოტ-ცოტა ორივეზე მომიყევი. როგორ ვითარდები, როგორც მხედარი? რაშია შენი სიძლიერე?

ვფიქრობ, განსაკუთრებულ სიყვარულში და მონდომებაში.


ყოველდღე ვვარჯიშობ და ვმუშაობ ტექნიკის გაუმჯობესებაზე, ვიღებ მონაწილეობას შეჯიბრებში, ხანდახან, კონკურსგარეშეც ვასპარეზობ. Რამდენჯერმე ვიყავი იტალიაში, სადაც გავიარე ცხენოსნობის მოკლედ კურსები.

Მაქვს ხოლმე რთული დღეები, როცა უკმაყოფილო ვარ ვარჯიშით და ჩემი თვითრწმენა სადღაც ქრება, ჩამესმის საკუთარი ხმა - "ეს ამდენი ხანი უკვე უნდა გამოგსვლოდა", -"რა სულელურ შეცდომებს უშვებ". თუმცა, შემდეგ, ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვიხსენებ, რომ ყველაზე წარმატებულ მხედრებსაც მოსდით დაახლოებით ისეთი შეცდომები, როგორიც მე, ვაანალიზებ ამ შეცდომებს და ვიაზრებ, რომ ესეც სწავლის პროცესის ნაწილია.

-“Მერე რა, თუ შენ უფრო მეტჯერ გჭირდება გამეორება, ვიდრე სხვას” - ვარწმუნებ საკუთარ თავს, - “სხვას შეიძლება უფრო იოლად გამოსდის, მაგრამ შენ ხომ საკუთარ თავს ეჯიბრები”. Მეორე დღისთვის მოტივაცია მიბრუნდება.
Სად ხედავ შენ თავს როგორც ამ სფეროს მცოდნე და გულშემატკივარი?

Მაქვს იმის რწმენა, რომ ჩემი ცოდნით, ხედვითა და გამოცდილებით განსაკუთრებული წვლილი შემიძლია შევიტანო ადგილობრივ დონეზე ამ სფეროს განვითარებაში.


4 წლის მანძილზე, საფუძვლიანად შევისწავლე ცხენოსნობის სფერო. Მუდმივად ვკითხულობ, ვუყურებ ვიდეოებს, ვეცნობი სიახლეებს - ცხენების მოვლის ტექნიკებზე, გრუმინგზე, ცხენის ფიზიოლოგიაზე, ტრავმებზე, ფსიქოლოგიაზე და ა.შ. Საცხენოსნო სპორტი ძალიან კომპლექსურია და უამრავ დეტალს მოიცავს, საერთაშორისო საცხენოსნო ფედერაცია ზრუნავს იმაზე, რომ ცხენისთვის მაქსიმალურად კომფორტული გახდეს ეს სპორტი და ყოველწლიურად აქვეყნებს ახალ წესებსა და სტანდარტებს. მინდა, მუდმივად ვიყო ამ სფეროში დანერგილი სიახლეებისა და ინოვაციების საქმის კურსში და მქონდეს ამომწურავი თეორიული ცოდნა.

Სულ ვფიქრობ იმაზე, როგორი ბაზა უნდა აშენდეს, იმ ბაზაზე რა სისტემა უნდა დაფუძნდეს, საერთაშორისო შეჯიბრებზე წასასვლელად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ამ პროექტების განხორციელების პროცესში, ცხენებთან ყოველდღიური ურთიერთობიდან გამომდინარე, შეიძლება ისეთი დეტალები დავაფიქსირო, რაც სხვას გამოეპაროს და სწორ მომენტში სწორი გადაწყვეტილება შევთავაზო კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად.


Ჩემ მონაწილეობას ამ ყველაფერში ძალიან ნათლად ვხედავ, ისევე, როგორც ნათლად ვხედავ და ვგრძნობ, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ზუსტად იმას ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე.


 
 
 

Comments


  • Facebook
  • Instagram

|  Tbilisi, Georgia  

© 2021 by Sheni Aré  |

All photographs © 2014-2021 by Tamar Jibuti 

bottom of page