ია რევაზიშვილი ხატვაზე, შინაგან კომფორტზე, თვითდაკვირვებასა და თავისუფლებაზე
- Tako Jibuti
- Jan 1, 2022
- 4 min read
Updated: Jan 13, 2022
არტისტი, მხატვარი, პროფესიით ინტერიერის დიზაინერი. უყვარს ყველაფერი რაც ხელოვნებას და საკუთარი თავის გამოხატვას ეხება. ასწავლის სამხატვრო აკადემიაში. უყვარს მუსიკა, მოგზაურობა, ბერგმანი, კულინარია. აინტერესებს მეცნიერება, ისტორია, არტ-თერაპია.

- რას აკეთებ ყოველდღიურად იმისთვის, რომ გქონდეს საკუთარი თავით კმაყოფილების განცდა?
ამ შეკითხვაზე რომ გიპასუხო, ბავშვობას უნდა გადავწვდე. საკუთარი თავი ღრმა პატარაობიდან მახსოვს, თუმცა, დაახლოებით 12-13 წლის ასაკში შემოდის ფიზიკური სიცოცხლის წარმავლობის რეალური გაცნობიერება. ამ განცდამ მოიტანა შიში, რომელიც პირველ რიგში უკავშირდებოდა იმის გააზრებას, რომ დრო ლიმიტირებულია, თუმცა, აქვე გამიჩნდა სურვილიც, რომ მეპოვა უსასრულობის განცდა. სკოლაში მენანებოდა დრო ისეთი საგნების სწავლაზე, რომლებიც არ მაინტერესებდა. ვცდილობდი, ყველა მომენტი ჩემ სასარგებლოდ გამომეყენებინა და არ დაკარგულიყო დღე ისე, რომ რაღაც არ დამეხატა ან არ ვყოფილიყავი შემოქმედებითი. ახლაც ასე ვარ, დღის ბოლოს რომ ვწვები, მაქვს სინანულის განცდა, თუ შემოქმედებითად არ დავიხარჯე.
რა თქმა უნდა, ცხოვრება არ არსებობს ყოფითი ამოცანებისა და პრობლემების გარეშე, ყოველდღე მაქვს რუტინული საქმეები, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლი. ძალიან დიდი ფუფუნებაა ის, რომ დავჯდე და მხოლოდ არტზე ვიფიქრო. თუმცა, თუ ამ რუტინის გამო დიდი ხნით ამოვვარდი შემოქმედებითი პროცესიდან, ეს იწვევს ჩემში დისკომფორტისა და უკმაყოფილების განცდას, ამიტომ საჭიროა, რომ მოვახერხო ამ სივრცეში დაბრუნება.

- როგორ ერევი ამ განცდებს და რას აკეთებ იმისთვის, რომ დაუბრუნდე შინაგანი კმაყოფილებისა და კომფორტის მდგომარეობას?
რამდენიმე ხერხს მივმართავ:
განმარტოება და დალაგება
ჩემთვის აუცილებელია ამ დროს განმარტოება. თავიდან თავში სრული ქაოსია, შემდეგ ნელ-ნელა მიდის აზრების დალაგების და ყველა ემოციისთვის თავისი სახელის დარქმევის პროცესი. ეს ყველაფერი ხდება არა მხოლოდ გონებრივ, არამედ ფიზიკურ დონეზეც. სახლში ზედმეტი ნივთებისგან უნდა გავთავისუფლდე. ადრე უამრავ ნივთს ვაგროვებდი - პატარ-პატარა ქანდაკებებს, სუვენირებს, ბრელოკებს, მძივებს, შემდეგ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩემს სივრცეში სრულიად ზედმეტია და მამძიმებს. წელიწადში ორჯერ ვალაგებ ყველაფერს საფუძვლიანად. როგორც კი ზედმეტი ნივთებისგან ვთავისუფლდები, აუცილებლად შემოდის რაღაც ახალი - ინფორმაცია, ენერგია, ადამიანები. სიახლე კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მუდმივად მჭირდება უცნობი სამყაროების აღმოჩენა, ეს მაძლევს ძალას, შთაგონებას და არის ახალი შემოქმედებითი პროცესის წყარო.

მუსიკა
მუსიკა საოცარ ზემოქმედებას ახდენს ჩემზე. შეიძლება ითქვას, რომ მეხმარება საკუთარ თავში ჩაღრმავებაში, რაც იმ მომენტში შეიძლება ცოტა მტკივნეული და სევდის მომგვრელი იყოს, თუმცა, საბოლოოდ, ხელს მიწყობს ჩემი ემოციების იდენტიფიცირებაში და, შესაბამისად, თერაპიული ეფექტი აქვს.
ბუნებასთან სიახლოვე
ძალიან მეხმარება ბუნებაში გასვლა, ესეც საკუთარ თავსა და სამყაროსთან განმარტოების ერთ-ერთი ფორმაა. ვაკვირდები ხეებს, ტოტებს, ფოთლებს და ვგრძნობ, რომ ყველაფერი მიყვარს. დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და მგონია, რომ ბუნება ბევრად უფრო ბრძენია, ვიდრე ჩვენ, ადამიანები, ამიტომ ის დრო, რომელსაც ბუნებაში ვატარებ, მალევე მაბრუნებს საკუთარ თავთან ჰარმონიის მდგომარეობაში.

- შეიძლება ითქვას, რომ ჰარმონიაში ყოფნას შენ განაპირობებ შენს ხელთ არსებული ძალებით?
იცი რა, ვისწავლე ამის მართვა.
დაკვირვება ემოციებზე
ის იწყება დაკვირვებით საკუთარ თავზე, საკუთარ ფიქრებსა და ემოციებზე. მივხვდი, რა იყო ადრე ჩემი პრობლემა - მე გავურბოდი ჩემს ემოციებს და არ ვარქმევდი სახელს, ვიმალებოდი და მეშინოდა. თუმცა შიში არ არის სამარცხვინო, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისა და საკუთარი თავის პოვნისთვის. მას შემდეგ, რაც საკუთარი ემოციების იდენტიფიცირება დავიწყე, შევძელი ჩავწვდომოდი ამ ემოციების მიზეზსაც, ხოლო როდესაც მიზეზი იცი, პრობლემის გადაჭრაც მარტივია.

ფიქრების კონტროლი
ვისწავლე ჩემი ფიქრების კონტროლი, ვისწავლე, რომ არ უნდა ვიფიქრო ნეგატიურზე, არ უნდა ვიფიქრო ერთსა და იმავეზე. ბავშვობაში მიყვარდა მწერებზე დაკვირვება, ფაქტობრივად, ვიჯექი ჭიანჭველების ბუდეში. როდესაც სამყაროსაც ამ პერსპექტივიდან ვუყურებ, როგორც ჭანჭველების ბუდეს, ყველა პრობლემა პატარა მეჩვენება. ვხვდები, რომ არ მაქვს მიზეზი, ვიყო ნეგატიური და მინდება, სასარგებლო და სტიმულის მიმცემი ვიყო საკუთარი თავისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც.
როდესაც სამყაროს უყურებ დამკვირვებლის თვალით, ზუსტად ისე იქცევა სამყარო, რა მოლოდინიც გაქვს მის მიმართ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი რაიმე სახით განმარტოება და დაკვირვება, ეს არის მედიტაცია, და ის შეიძლება გამოხატული იყოს ნებისმიერი ფორმით. მე არ ვზივარ ლოტოსის ფორმაში, მაგრამ ამ მდგომარეობას ვაღწევ ხატვისას, ბუნებაში ყოფნისას, მუსიკის მოსმენისას. ამ დროს მარტო ვრჩები სამყაროსთან, ვხვდები ზუსტად ამ ადგილას, ამ მომენტში, ვტკბები საკუთარი თავით და იმით, რასაც გარშემო ვხედავ.

შინაგანი თავისუფლება
აქვე შევეხები შინაგან თავისუფლებას. ჩვენ, ადამიანები, ვალდებულებების კუთხით დამოკიდებული ვართ ბევრ გარეშე ფაქტორზე, იქნება ეს სამსახური, გადასახადები, უფროსი, ნათესავები თუ შვილები, მაგრამ არსებობს ასევე შინაგანი თავისუფლების განცდა, რომელიც ამ ყველაფრისგან დამოუკიდებელია. შინაგანი თავისუფლება, პირველ რიგში, ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ შენ გაქვს უფლება იყო ბედნიერი, შემდეგ კი - მუშაობას იმ შინაგან სივრცეზე, რომელშიც საკუთარ თავთან ჰარმონიაში იქნები. ხშირად, საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნვა ეგოიზმთან ასოცირდება, მე კი ვთვლი, რომ როდესაც აფასებ შენი ბედნიერების უფლებას და პატივს სცემ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია პატივი სცე სხვის თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს და მართლა გიყვარდეს სხვა.
გარესამყაროსთან კონტაქტი
შინაგანი თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა გარესამყაროსთან. მე მინიმალურ დონეზე მაქვს დაყვანილი სოციალური ქსელებით სარგებლობა, ვეძებ და ვიღებ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც მე მაინტერესებს და რაც შეიძლება ჩემთვის აღმოჩნდეს სასარგებლო. ვცდილობ, რომ როდესაც რაიმე აზრს მოვისმენ, რამდენიმე რაკურსით შევხედო, უფრო მეტად ვიყო მოვლენების დამკვირვებელი და არა უშუალო მონაწილე, ეს მეხმარება წონასწორობის შენარჩუნებაში და იმაში, რომ არ დავკარგო საკუთარი თავი ფიზიკურ სამყაროში ან ჩემს გარეთ მიმდინარე მოვლენებში. შეიძლება, ეს არის რთული გზა, თუმცა მგონია, რომ თვითგანვითარებისთვის სწორი გზაა. შთაგონებული მაშინ ვარ, როდესაც საკუთარ თავთან ვარ ჰარმონიაში, ამიტომ ამაზე ზრუნვა აუცილებლად მიმაჩნია.

- რა აზრს ხედავ არსებობაში მაშინ, როდესაც არსებობს გარდაცვალება?
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ეს გარდაუვალია და რაც გარდაუვალია, იმას არ ვეწინააღმდეგები. ინსტინქტურ დონეზე, კი, რა თქმა უნდა, ვიღაც მოსაკლავად რომ გამომეკიდოს, გავიქცევი, მაგრამ ცნობიერ დონეზე შიშის განცდა არ მაქვს. ყოველთვის მაინტერესებდა ფიზიკა, ასტროფიზიკა, წარმოსახვით ვცდილობდი გავცდენოდი დედამიწას და უფრო შორი პერსპექტივიდან დამენახა სამყარო, ასეთივე ასოციაცია მაქვს სიკვდილზე. შეიძლება ყველაფერი იყოს ან არც არაფერი იყოს, პირიქით, ეს საინტერესოა. როდესაც ხარ გამცემი, აზიარებ შენი გონებისა და ემოციების პროდუქტს, ატარებ დროს შვილებთან ერთად და რჩები მათ მოგონებაში, გაქვს განცდა, რომ შენი ნაწილი რჩება.

- რა გაძლევს ძალას საიმისოდ, რომ იმოქმედო, რა არის შენი მიზანი?
კონკრეტულ მიზანს ვერ დავასახელებ. ბოლო დროს ვისწავლე, რომ მოქმედებისთვის ხანდახან უმოქმედობაა საჭირო, ამიტომ არ ვაძალებ თავს, რომ რაღაც მოვახერხო. ვიგრძენი, რომ ყველაზე სასიამოვნო ამ წამსა და ამ მომენტში ცხოვრებაა, ამ მომენტის დასაჭერად კი მოდუნებაა საჭირო. ჩემთან ეს პროცესი ბუნებრივად წარმოიშვა, ერთხელაც მივხვდი, რომ არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც შეიძლება დიდი ხნით დავითრგუნო, რადგან სამყარო არ არის ვალდებული, რომ ყველა სურვილი აგისრულოს, უბრალოდ მივენდე მას, ამას ვგულისხმობ მოდუნებაში. მივხვდი, რომ რაც უფრო ნაკლებად ვუწევ რაღაცას წინააღმდეგობას, მით უფრო კარგად ვგრძნობ თავს. ეს ენერგია ხდება ჩემთვის მოქმედების და შთაგონების წყარო.
მინდა, რომ რა გზასაც მე გავივლი და რა პრობლემასაც გადავჭრი, ეს პრობლემა და კონცეფცია თანამედროვე ხელოვნებაში ვიზუალურად გამოვსახო და ეს იყოს ჩემი მესიჯი სხვა ადამიანებისთვის. მთავარია ასევე, რომ ეს მესიჯი სხვებს მაქსიმალურად სწორი და გასაგები ფორმით გადავცე. თუ ამას ვახერხებ, ეს ფაქტი ძალიან დიდ კმაყოფილებასა და ბედნიერებას მანიჭებს, ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ეს მიმაჩნია ჩემს მისიად.
რა ვისწავლე იასგან
მიეცი თავს მარტოობის დრო და უფლება
გაისეირნე ბუნებაში, მოუსმინე მუსიკას
ჩაუღრმავდი და დააკვირდი შენს შინაგან სივრცეს
დაარქვი ემოციებს თავისი სახელი
ეცადე აკონტროლო შენი ფიქრები
აფრინდი ზემოთ და შეხედე სამყაროს ჩიტის (თუ უფრო უშიშარი ხარ, ასტრონავტის) თვალით ან დარჩი მიწაზე და დააკვირდი ჭიანჭველების ბუდეს
გაფილტრე ინფორმაცია, მიიღე ის, რაც შენთვის სასარგებლოა
ხანდახან მოდუნდი, მოიხსენი წინააღმდეგობის გაწევის განცდა (ნუ ებრძვი სამყაროს)
გააცნობიერე, რომ გაქვს უფლება იყო ბედნიერი
დაალაგე სახლი და გაუშვი ის, რაც აღარ გჭირდება
Comments